სებ-ს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა უჭირს
საინვესტიციო ბანკირები სებ-ისგან 10 მაისის მპკ-ზე 11%-იანი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელიან, რაც ფინანსისტების ნაწილს ეეჭვება.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ პოლიტიკის შერბილების დრო მოსალოდნელზე ადრე დადგა და შესაბამისად, სებ-მაც თავის მოლოდინებს უნდა გადახედოს. ამასთან იმასაც აღნიშნავს, რომ შიდა ინფლაცია მომსახურების სექტორის სიძვირის გამო კვლავ მაღალი რჩება, ფასები კი ნელი ტემპით იკლებს.
ტემპი არც ისე სახარბიელოა სებ-ისთვის. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცახდებით, შიდა ინფლაცია 6%-ია. მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნეს, თუმცა სებ-ი უნდა დარწმუნდეს, რომ პროცესი შეუქცევადია და შემოტრიალების რისკები არ არსებობს. კლება უმეტესწილად განპირობებულია გარე ფაქტორებით.
10 მაისისთვის სებ-ს დამატებითი ინფორმაცია ექნება. მანამდე არსებული ინფორმაცია კი წლის დასაწყისის მოლოდინებს ვერ ცვლის, რაც წლის მე-2 ნახევრიდან შერბილების ალბათობას გულისხმობს, თუმცა ლეჟავა ადასტურებს, რომ ალბათობა გაზრდილია.
აპრილში ინფლაცია 2.7%-მდე შემცირდა, იანვრის 9.4%-იდან მნიშვნელოვანი კლებაა. ასევე წლის სხვა თვეებთან შედარებით. მარტში 5.1%-ს შეადგენდა, თუმცა თითქმის განახევრებული მაჩვენებლის მიუხედავად რისკები მაინც რჩება.
კურსის გამყარება იმპორტირებულ ინფლაციას ეხმარება. ამასთან ზრდის ერთობლივ მოთხოვნას, რაც ადგილობრივ ინფლაციაზე უარყოფითად მოქმედებს.
სებ-ის ანალიზით, გასულის წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაციაში თუ 6% ეგზოგენური ფაქტორების წილი იყო, ახლა ერთნიშნაში, პირიქით, 6% ადგილობრივზე მოდის.
ინფლაციის მაჩვენებელში რამდენით შემცირდა ქირის წილი, როგორ გაიზარდა გაძვირებული სერვისის გავლენა, როგორ მოქმედებს პურის ფასი, ასევე გაზრდილი ხელფასები... კომპონენტებად ჩაშლილ ინფლაციის მიმოხილვას სებ-ი ხუთშაბათს წარმოადგენს.