ფინანსები
09/06/2023

სებ: ლიკვიდობის მოთხოვნის ზრდას კაპიტალზე გავლენა არ აქვს

გაზრდილმა მიგრაციამ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოყვა, ცხოვრება გააძვირა, თუმცა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე პოზიტიურად აისახა, რაზეც სებ-შიც ბევრჯერ აღნიშნეს.

ომი საბანკო სექტორზე ნეგატიურად არ ასახულა, რისკები არ მატერიალიზებულა. პირიქით, მიგრაციამ ეკონომიკური ზრდა წაახალისა. სებ-მა 5%-იან პროგნოზს გადახედა და აგვისტოს ბოლოს გაზრდის კიდეც.

ნეგატიურად აისახება თუ არა სექტორზე სებ-ის ბოლო რეგულაცია, რამდენით გააძვირებს სავალუტო სესხებს, ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გაზრდა და გადაეცემა თუ არა გაზრდილი განაკვეთები ლარის სესხებსაც, რამდენიმე თვეში გამოჩნდება (ცვლილება სექტემბრიდან ამოქმედდება).

ბაზარი შიშობს, რომ რეგულაცია სავალუტოსთან ერთად ლარის დაკრედიტებაზეც აისახება, წინა რეგულაციების მსგავსად, რომელიც უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების მოთოკვას ემსახურებოდა, თუმცა კრედიტები ადგილობრივ ვალუტაშიც გააძვირა. 

სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა მხატრიშვილი  ლარში სასესხო განაკვეთების შემცირებას ელის, რასაც მისი განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის კლება განაპირობებს.

განაკვეთი 10 მაისის კომიტეტზე 10.5%-მდე შემცირდა და როგორც შალვა მხატრიშვილმა აღნიშნა ყოველ  მე-2 კომიტეტზე  დაკორექტირდება. თუ გადატანითი მნიშვნელობით არ არის ნათქვამი, მაშინ 10.5% 21 ივნისს შენარჩუნდება, 2 აგვისტოს დაიკლებს და ა.შ. 

მისივე განმარტებით, ლარში განაკვეთების შემცირება თავის მხრივ ბუნებრივად გააუმჯობესებს საკრედიტო პირობებს და, ნაწილობრივ, ესეც გასათვალისწინებელი იქნება სამომხმარებლო სესხის ვადის 4 წლამდე გახანგრძლივების განხილვებისას.

საქართველოს საბანკო სექტორში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი დეპოზიტები გახდა ბანკებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გამკაცრების საფუძველი, რადგან მსგავსი შემოდინებები არასტაბილურია და ერთიანი კონცენტრაციის რისკს ქმნის. რეგულაცია ბანკს ფულის მოზიდვის სწორედ ამ წყაროს ჩაუკეტავს. 

უცხოური ვალუტის ფონდირებაში თუ უწინ ნასესხები სახსრები (24%) 10%პ-ით აღემატებოდა არარეზიდენტების დეპოზიტებისას (15%), ახლა სხვა ქვეყნის მოქალაქეების ანაბრები (22%) აჭარბებს ნასესხებს (19%).

კოეფიციენტის 80%-მდე გაზრდა რა ეფექტზეა გათვლილი, - სებ-ი დამატებით განმარტავს: 

"ლიკვიდობის მოთხოვნის ზრდას კაპიტალზე გავლენა არ აქვს.  ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება შეეხება  ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მოთხოვნას. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მოთხოვნა კომერციულ ბანკებს ავალდებულებს შეინარჩუნონ ადეკვატური თავისუფალი მაღალი დონის ლიკვიდური აქტივების მარაგი, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკს გაუმკლავდეს მოსალოდნელ სხვაობას ლიკვიდური სახსრების შემოდინებასა და გადინებას შორის 30-დღიან სტრესულ პირობებში. აღნიშნული კოეფიციენტის კალკულაციის მიზნით, რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნა (მოსალოდნელი გადინების განაკვეთი) იზრდება 80%-მდე, მაშინ როცა მანამდე 30-40%-ის ფარგლებში იყო. საბანკო სისტემა ლიკვიდობის ჭარბი ბუფერებით ოპერირებს, ამიტომ აღნიშნული ცვლილების შედეგად დამატებითი ლიკვიდობის მოძიების საჭიროება არ იქმნება".

ცვლილების გავლენა კოეფიციენტზე შემდეგია (მოთხოვნა 100%-ია):

ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი

უცხოური ვალუტა

ჯამური

ცვლილებამდე

129%

127%

ცვლილების შემდეგ

111%

116%

წყარო: სებ-ი

Businesspartner