
სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს.
მისივე თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საბჭოს წევრობის კანდიდატები განიხილეს და მათ მხარი არ დაუჭირეს.
„სამი დღით ადრე დავდეთ საიტზე, შევატყობინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაგვიდასტურეს თვითონაც და კანდიდატების მოსვლაც. ყველაფერი მიდიოდა გეგმით, რადგან ჩვენ არ შეგვეძლო, გადაგვედო, ორი კვირის ვადის შეზღუდვა გვაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დღეს ბრძანა, რომ არ უჭერენ, თუ სიტყვა „გამოწვევა“ გამოიყენა. არ არის არც კანონში, არც რეგლამენტში, არც არსად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის გაწვევა. ეს მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა, მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც არც დაგვაფასეს და არც მოვიდნენ. ჩვენ, კომიტეტმა არ დავუჭირეთ მხარი, რაც მოხდა, ნახეთ, თუმცა სესიას აქვს საბოლოო გადაწყვეტილების უფლება.
წარმოუდგენელია, პრეზიდენტს არ ესმოდეს, თუ საბჭო არ იფუნქციონირებ, რა იქნება. ამიტომ მაქვს იმედი, რომ რაღაცნაირად მაინც შევთანხმდებით და ერთხელ მაინც გადადგამს ნაბიჯს, რომ კონსულტაციები გავწიოთ. თუ ეს არ იქნება, არის გზები, რომლებიც ბანკის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებლმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრემა მათ მხარი არ დაუჭირეს.
1tv.ge