ფინანსები
24/02/2021

სებ: ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკას წელსაც შეუფერხებლად დააკრედიტებს

სებ-ის ინფორმაციით, მთავარი ბანკის გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას 2021 წელსაც გააგრძელებს. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. თუმცა, კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, ვაქცინაციის ჩატარების და პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. 

სებ-ის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს ბანკები კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლებით შეხვდნენ. მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკრედიტო დანაკარგებისა, საბანკო სისტემამ 2020 წელი მცირე, თუმცა მაინც დადებითი მოგებით დაასრულა. პორტფელში უმოქმედო სესხების წილი 2020 წლის დასაწყისიდან 3.9%-ული პუნქტით გაიზარდა და 8.4%-ს შეადგენს, თუმცა აქტივების ხარისხის შეფასება გრძელდება და, შოკის სიმძიმიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს.

პროგნოზი საბაზო სცენარს ეფუძნება და ბანკებს შესაბამისი რეზერვი უკვე შექმნილი აქვთ, ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, კომიტეტის შეფასებით, 2021 წელს საბანკო სექტორი მდგრადობას შეინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2021 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 8.9% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით მაღალია, რაც გაზრდილ გეპთან ერთად, ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ხოლო სესხები კი უფრო მოკლევადიანი, ვალის მომსახურების რეალური ტვირთი საქართველოში კიდევ უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს. კომიტეტის შეფასებით, კოვიდ-19-ის მეორე ტალღის გავრცელების შემდეგ, საკრედიტო აქტივობა შენელდა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 7.5%-ის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება. 

 

წყარო: სებ; საქსტატი

*ნომინალური მშპ-ის ზრდა ბოლო 4 კვარტლის მშპ-ის წლიურ ზრდას ასახავს. 

**სესხები მოიცავს ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, კომპანიების მიერ ადგილობრივად  გამოშვებულ ობლიგაციებს.

*** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი. 

 

 

წყარო: მსოფლიო ბანკი, (Domestic credit to private sector (% of GDP))

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს  საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2021 წლის 2 ივნისს გაიმართება.