"ფაფანაკის" შექმნილი ქართული სამოსი აშშ-ისა და ევროპის ბაზრებზეც იყიდება
ქართული ეროვნული სამოსისადმი ინტერესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მზარდია.
როგორც ეროვნული სამოსის სამკერვალოს - „ფაფანაკის“ კრეატიული დირექტორი, ნინო ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საელჩოებისა და პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ხელშეწყობით ეროვნული სამოსი არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა, რამაც ქართული ნაციიონალური სამოსის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
მისივე თქმით, ასე აითვისა „ფაფანაკმა“ ახალი ბაზრები, სადაც სამკერვალოს პროდუქციაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია.
„ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ქართული ეროვნული სამოსი არის უცხოელი მომხმარებლებისთვის ძალიან სასურველი. იციან ქართული სამოსის სახელწოდებები - იციან ყაბალახის, ჩოხის არსებობის შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში მოგვიწია გამოფენაზე გასვლა და იქ უკვე და რამდენიმე ადამიანმა თავად შემოგვთავაზა ჩვენი პროდუქცია გაგვეტანა მათთვის სასურველ ლოკაციებზე. ქართული კუთხეები არის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგ. ამერიკაში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში. ჩვენი კოლექციები ამ ქვეყნებშია გაგზავნილი“, - აცხადებს ნინო ჭყონია.
მისი თქმით, მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე დაარსების დღიდანვე გაჩნდა და მუდმივად მზარდია. როგორც ჭყონია აღნიშნავს, მომხმარებელთა სპექტრი ფართოა და ქართველ ემიგრანტებს, ანსამბლებს, ქართველსა და უცხოელ მომხმარებლებს მოიცავს.
ცნობისთვის, ქართული ეროვნული სამოსის სამკერვალო „ფაფანაკი“ რვა წლის წინ შეიქმნა. ბრენდი დიდი და პატარა ქართული ანსამბლებისთვის სასცენო სამოსს ქმნის.
სამკერვალო კლასიკურ ეროვნულ ხაზზეც მუშაობს და ასევე აქტიურად შემოაქვს ძველი კულტურული შტრიხები თანამედროვე, ყოველდღიურ სამოსშიც. იკერება ისტორიული იერსახის მქონე ქალისა და მამაკაცის პიჯაკები, გულისპირები, ყაბალახები და სხვ. ხშირად იქმნება ექსკლუზიური ესკიზებიც.