ფინანსები
27/10/2021

სებ: ძლიერი საკრედიტო აქტივობა ეკონომიკისთვის დადებითი ბიძგია

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკის აღდგენის ფონზე, საკრედიტო აქტივობის გააქტიურების მნიშვნელობაზე აცხადებს.

ცნობილია, რომ განახლებული პროგნოზით, 2021 წელს მშპ-ს 10%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. სებ-ი აღნიშნავს, რომ ამას ძირითადად, ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, პანდემიის წინა ეტაპებზე დაგროვილი მოთხოვნის მიმდინარე პერიოდში რეალიზაცია და ბოლო დროს დაკრედიტების მაღალი ტემპი განაპირობებს.

"გაზრდილ დაკრედიტებაში, ლარის რესურსის გაძვირების ფონზე, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გაზრდილი წვლილი განსაკუთრებით საყურადღებოა. ძლიერი საკრედიტო აქტივობა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა, ამავდროულად, ის ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს", - განმარტავენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, კვლავინდებურად 10%-ზე შეინარჩუნა და მთავარ გამოწვევად გაზრდილი ინფლაცია დაასახელა, თუმცა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ინფლაციის მაღალ დონეს ძირითადად, ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს, რომლებიც 2020-2021 წლებში გლობალურად განსაკუთრებით გააქტიურებულია.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ით განისაზღვრება.