სახელმწიფო შესყიდვების ხარვეზები და უშედეგოდ დახარჯული მილიონები
აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები გამოავლინა. შესწავლილია 10 სამინისტრო, 3 სახელმწიფო უნივერსიტეტი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ცხრა ერთეული მხარჯავი დაწესებულება.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციები, რიგ შემთხვევებში, საჭიროებებს არ განსაზღვრავენ რაციონალური გათვლებისა და ანალიზის საფუძველზე, რამაც გამოიწვია არაოპტიმალური რაოდენობის სასაქონლო ნაშთების შექმნა. ამასთან, ბაზრის კვლევის პროცედურები ტარდებოდა არასრულყოფილად. შედეგად, გაზრდილია შესყიდვის ღირებულება ან შემუშავებული სატენდერო პირობები ქმნის არაკონკურენტულ გარემოს.
სატენდერო კომისიების მიერ, რიგ შემთხვევებში, პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია ხორციელდებოდა დაუსაბუთებლად, პრეტენდენტთა მიმართ გამოიყენებოდა არაერთგვაროვანი და დისკრიმინაციული მიდგომა. შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციები კარგავდნენ შესაძლებლობას, შესყიდვა განეხორციელებინათ გამარჯვებულ კომპანიასთან შედარებით ნაკლებ ფასად. რიგ შემთხვევებში, გამონაკლისის წესით გამარტივებული შესყიდვის განხორციელება დაუსაბუთებელია და მიმართულია სატენდერო პროცედურების თავიდან არიდებისაკენ.
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ რიგ შემთხვევებში, არ არის შემუშავებული კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კვალიფიციური ქვეკონტრაქტორის სამუშაოს გამოყენებას. შედეგად, ტენდერებში მონაწილე კომპანიები სამუშაოების გამოცდილებად ითვლიან ერთსა და იმავე სამუშაოებს, რაც საშუალებას აძლევთ, მოიპოვონ არამართლზომიერი უპირატესობა სატენდერო პროცედურებში.
აუდიტის ანგარიშით, საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით 3135 შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს, 2017 წელს სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 3 644 642 000 ლარი შეადგინა, 2018 წელს − 4 087 214 000 ლარი, ხოლო 2019 წელს − 5 332 805 000 ლარი.
ყველაზე მოთხოვნადი შესყიდვა სამშენებლო სამუშაოებია, რომელზეც 2017−2019 წლებში დაიხარჯა 6 483 890 000 ლარი. ძირითადად, ლიდერობს სამშენებლო, ასევე სატრანსპორტო საშუალებების, ჯანდაცვის მომსახურებებთან და ფარმაცევტულ პროდუქტებთან დაკავშირებული შესყიდვები.
2017-2019 წლებში სულ გამოცხადდა 70 321 ტენდერი, რომელთაგან ტენდერების 73% დასრულდა დადებითად და გაფორმდა ხელშეკრულებები, ხოლო 27%-ის შემთხვევაში − არ შედგა, შეწყდა ან დასრულდა უარყოფითი შედეგით.
"ფაქტობრივად, ყოველი მესამე ტენდერი არ სრულდება დადებითი შედეგით. წარუმატებლად დასრულებული ტენდერები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ობიექტურ გარემოებებთან, თუმცა, ხშირად გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორებიცაა, გაუმართავი ტექნიკური სპეციფიკაციები, არაადეკვატური ტექნიკური მოთხოვნები და ბუნდოვანი სატენდერო პირობები", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ შესყიდვის საჭიროების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საბიუჯეტო წლის რეალური საჭიროებები და წლის დასაწყისისთვის ორგანიზაციაში არსებული მარაგები, რის გამოც საბიუჯეტო სახსრების განივთება ხორციელდება სასაქონლო- მატერიალური მარაგების არაოპტიმალურ, მაღალ ნაშთებში და წარმოიშვება საბიუჯეტო სახსრების არაპრიორიტეტულად გამოყენების რისკები.
მაგალითად: სოციალური მომსახურების სააგენტომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაგეგმა 23 დასახელების, 2 910 000 ლარის მედიკამენტების შესყიდვა, რომელთაგან შეისყიდა 2 777 063 ლარის მედიკამენტები. წლის განმავლობაში ბენეფიციარებზე გაიცა ფარმაცევტული პროდუქტის მხოლოდ 20% და ნაშთად დარჩა 80%, ღირებულებით − 2 235 354 ლარი. არსებული მარაგების მიუხედავად, მომდევნო 2018 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 198%-იანი ზრდით და განისაზღვრა 10 000 000 ლარით, ხელშეკრულებები გაფორმდა 7 957 202 ლარზე. აგვისტოში პროგრამის მოსარგებლეებს დაემატა ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფები და მედიკამენტების რაოდენობა გაიზარდა 12 სახეობით, 36 სახეობამდე. მიუხედავად ამისა, ბენეფიციართა მომსახურებას სააგენტო ახორციელებდა წინა წლის მარაგებით, ხოლო მიმდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მედიკამენტების 96%, ღირებულებით − 7 601 989 ლარი, შეისყიდა წლის ბოლოს. ხელშეკრულებების ფარგლებში მიმწოდებლებს აუნაზღაურდათ 7 560 500 ლარი, საიდანაც 2 598 844 ლარი გადარიცხულია ავანსად. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს 2018 წლის ბოლოს ნაშთად ერიცხებოდა 5 587 414 ლარის ფარმაცევტული პროდუქტი, ხოლო 2 598 844 ლარის მედიკამენტის მისაღებად გადარიცხული ჰქონდა ავანსი, 2019 წლისათვის სახელმწიფო პროგრამით განისაზღვრა 19 000 000 ლარის ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ პროგრამის განხორციელების მომდევნო წლებში წინა პერიოდის გამოცდილება არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულმა კი განაპირობა მედიკამენტების მაღალი ნაშთების არსებობა, რამაც, თავის მხრივ, წარმოშვა შემდეგი სახის რისკები:
- სამკურნალო საშუალებებს გააჩნიათ მკაცრად განსაზღვრული ვარგისიანობის ვადა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მათი გაუვარგისების რისკი მაღალია;
- სამედიცინო მომსახურება სწრაფად განვითარებადი, დინამიკური სფეროა. იცვლება მკურნალობის მეთოდები და სქემები (გაიდლაინები), რაც, თავის მხრივ, მომსახურების მედიკამენტური შემადგენლის ხშირ ცვლილებას იწვევს.
ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 8 თებერვალს ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულებისათვის შეისყიდა რენტგენოგრაფიული სისტემა, სახელშეკრულებო ღირებულებით − 169 980 ლარი. საქონლის მიწოდების ვადად განისაზღვრა 90 დღე. მიმწოდებელმა საქონელი 1 თვით ადრე მიაწოდა, რა პერიოდშიც სამედიცინო დაწესებულებაში არ არსებობდა რენტგენოგრაფიული სისტემის ინსტალაციის პირობები, რის გამოც შესყიდული აპარატი დროებითი შენახვის უფლებით ჩაბარდა მიმწოდებელს. მხოლოდ 2018 წლის 3 მაისს გამოცხადდა ტენდერი რენტგენის განსათავსებელი ფართის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. ფაქტობრივად, აპარატი ექსპლუატაციაში გაუშვეს 2018 წლის 5 ოქტომბერს, მისი მიწოდებიდან 8 თვის შემდეგ, შესაბამისად, უწყებებს შორის ვერ განხორციელდა ეფექტიანი კოორდინაცია და ვერც შესყიდვების მართვის პროცესი წარიმართა ეფექტიანად, საჭირო აპარატურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებად პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩატარებულიყო რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ამისთვის უნდა განხორციელებულიყო შემდეგი ღონისძიებები:
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა, აღჭურვა და საგამოცდო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა; ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება 10 მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობდა საგამოცდო მარშრუტებზე არსებული გზების კეთილმოწყობა (საგზაო ნიშნების და შუქნიშნების განთავსება); საკანონმდებლო ბაზის ცვლილება.
მომსახურების სააგენტომ 2017-2018 წლებში თავდაპირველად შეისყიდა სატრანსპორტო საშუალებები, აღჭურვა შესაბამისი აქსესუარებითა და პროგრამული უზრუნველყოფით, რისთვისაც სულ გახარჯა 6 222 601 ლარი. აღნიშნული პერიოდისათვის არ იყო დასრულებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და საგზაო ინფრასტრუქტურა. 2019 წლის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის გახარჯულია სულ 2 750 417 ლარი, თუმცა ისევ არ არის დასრულებული საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, აგრეთვე − გარკვეული სამუშაოები რიგ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში.
ჯამში, სულ პროექტისათვის დაიხარჯა 8 973 018 ლარი, თუმცა საბოლოო შედეგი არ არის დამდგარი. ამასთან, შესყიდულ ტექნიკურ საშუალებებზე ყოველწლიურად მიმდინარეობს საგარანტიო ვადის ათვლა და მათზე დარიცხული ცვეთის და სადაზღვევო ხარჯების ღირებულებამ 2018 წლის ბოლოსთვის შეადგინა 1 243 090 ლარი, მათ შორის: ცვეთა − 1 194 124 ლარი და დაზღვევის ხარჯი − 48 966 ლარი.
შსს-მ 2017 წლის 15 ივნისს შეისყიდა 5 300 ერთეული უბნის ინსპექტორის ქამარი, სახელშეკრულებო ღირებულებით − 39 379 ლარი. როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა შესყიდვის საჭიროება, ვინაიდან: 2017 წლის დასაწყისში სამინისტროს ნაშთად ერიცხებოდა 5 621 ერთეული ქამარი, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წლიურ მოთხოვნას; 2017 წელს გაცემული ქამრების რაოდენობამ შეადგინა 4 713 ერთეული, წლის ბოლოს კი სამინისტროს ნაშთად დარჩა უბნის ინსპექტორის 5 908 ერთეული ქამარი.
აუდიტის კვლევის მიხედვით, ბაზრის კვლევის ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ შესყიდვის საგნის ფასის გამოკითხვა და არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, როგორიცაა: მიწოდების გამოცდილება, კომერციული და ფინანსური პირობები, ვადები და ა.შ. შედეგად, კომპანიების მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ იძლევა დეტალური ანალიზის საშუალებას, ფასების მნიშვნელოვანი განსხვავებების მიზეზების დადგენის და კვალიფიციური სატენდერო პირობების მომზადების მიზნით.
მაგალითად: საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სასკოლო ავეჯის შესყიდვის მიზნით, 2017 წელს ბაზრის კვლევის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად მიმართა 26 კომპანიას, რომელთაგან მხოლოდ ორმა წარუდგინა ფასები, ტენდერის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა უმცირესი ფასი − 1 689 641 ლარი. თუმცა, წინა წელს შესყიდული იდენტური ავეჯის ერთეულის ღირებულების გათვალისწინების შემთხვევაში, სააგენტოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეეძლო განესაზღვრა 1 130 815 ლარით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით − 1 269 226 ლარით.
"ბაზრის კვლევის პროცედურებით სააგენტომ გამოიკითხა მხოლოდ ავეჯის ღირებულება და არ მიუღია ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა, კომპანიების არსებული გამოცდილება. შესაბამისად, დამოუკიდებლად განსაზღვრა გამოცდილების შესახებ სატენდერო მოთხოვნა − მონაწილე კომპანიას 2014 − 2016 წლებში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უნდა ჰქონოდა არანაკლებ 1 300 000 ლარის ღირებულების ავეჯი. შესყიდვების ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მონაცემებით, ასეთი გამოცდილება ჰქონდა მხოლოდ ორ კომპანიას, რომლებიც იყვნენ სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები. შესაბამისად, შემსყიდველის აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და ზღუდავდა კონკურენტულ გარემოს. ტენდერის გამოცხადების შემდგომ, ბაზრის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ, გამოცდილების შესახებ პირობა გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში. შედეგად, შეიცვალა გამოცდილების მოთხოვნა და განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს მოეთხოვებოდა მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 1 000 000 ლარის ღირებულების ავეჯის მიწოდების გამოცდილება. აღნიშნული ცვლილებით შესაძლებელი გახდა ტენდერში მონაწილე კომპანიებს დაეკმაყოფილებინათ მოცემული პირობა, რის შედეგად ტენდერი დასრულდა 34%-იანი, 575 641 ლარის ეკონომიით. ბაზრის კვლევის ეტაპზე სააგენტომ არასათანადოდ გამოჰკითხა კომპანიები და არ მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შექმნიდა კონკურენტულ გარემოს და ეკონომიის მიღების შესაძლებლობას", - აღნიშნულია ანგარიშში.
- შემსყიდველები ნაკლებად იყენებენ ინფორმაციის სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს. შესასყიდი საქონლის ღირებულების დასადგენად არ იყენებენ ისეთ საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პორტალი,რომლის საშუალებით შესაძლებელია მსგავსი ტიპის შესყიდვაზე სხვა შემსყიდველების გამოცდილების გაზიარება. შედეგად, იდენტური მახასიათებლების საქონელს სხვადასხვა შემსყიდველი დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ყიდულობს
განსხვავებული ღირებულებით.
მაგალითად: ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წელს ელექტრონული ტენდერის საშუალებით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობასთან ერთად შეიძინა 2 ცალი ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ერთი ცალის ღირებულებამ შეადგინა 28 540 ლარი. შემდგომში, ამავე წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეიძინა 6 ცალი იდენტური ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ერთი ცალის ღირებულებამ შეადგინა 38 000 ლარი. შედეგად, სამინისტროს მიერ შესყიდულ ფასთან შედარებით 6 ცალ აპარატში ცენტრმა გადაიხადა 56 760 ლარით მეტი.