ფინანსები
12/10/2021

საქართველოში დაზოგვის დღეს წელს მეათედ აღინიშნება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე წელს უკვე მეათედ აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორია საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ.

2021 წლის დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, წელსაც დისტანციურად ჩატარდება. ფინედუ და საქართველოს ეროვნული ბანკი ნებისმიერ მსურველს, მათ შორის სკოლის მასწავლებლებს, ღონისძიებაში მენტორის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად იწვევს. მენტორების მისია დაზოგვასთან, მის საჭიროებასა და სარგებლიანობასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებაა. ამ მიზნით, ისინი ეროვნული ბანკის საინტერესო ვებინარებს გაივლიან, მიიღებენ სრულ ინსტრუქტაჟს და მასალებს, შემდეგ კი, თავის მხრივ, 12-15 წლის ახალგაზრდებს მოუყრიან თავს და მათ სახალისო გაკვეთილს ჩაუტარებენ. ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში შეკრებილი იდეებით მენტორები ხუთკაციანი გუნდებით ფინალურ ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ფინედუს ფეისბუქ გვერდზე ჩატარდება Live ვიქტორინა, სადაც ახალგაზრდები დასმული შეკითხვების პასუხებზე გუნდურად იმუშავებენ.

კონკურსის გამარჯვებულებს ღონისძიების პარტნიორი კომერციული ბანკები დააჯილდოებენ. კერძოდ, გამარჯვებულ მენტორებს 500 ლარიან ანაბარს, ხოლო გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს კი 300 ლარიან ანაბარს გაუხსნიან. ინიციატივის ფარგლებში სულ 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სს "ბაზისბანკი“, სს "თიბისი ბანკი“, სს „"რედო ბანკი“, სს "ლიბერთი ბანკი“, სს "საქართველოს ბანკი“.

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ბმულზე გაეცნოთ.

მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1924 წლიდან ბევრ ქვეყანაში, საქართველოში კი 2012 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. მისი მიზანი დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და წახალისებაა, ხოლო ადრესატს ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდები წარმოადგენენ. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა "გროვიაა“.

დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება 1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.