ფინანსები
20/05/2021

საქართველოს სალიზინგო კომპანია წელს პორტფელის 50%-იან ზრდას ელის

სალიზინგო ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს ბაზრის ზრდის მოლოდინშია. „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, წინასწარი გათვლებით კომპანიის პორტფელი წლის ბოლომდე 50%-ით გაიზრდება.

„წინა წელი დავხურეთ დაახლოებით 15%-იანი პორტფელის შემცირებით. 150 მლნ-დან 120 მლნ-მდე ჩამოვედით. მაქსიმალურად ვცდილობთ წელს დიდი ნაბიჯებით ვიაროთ და წლის ბოლომდე დავუბრუნდეთ პანდემიამდელ მაჩვენებლებს. ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენი პორტფელის ზრდა დაგვეგეგმა 50%-იან ზრდაზე. პანდემიამდე დაახლოებით 60-70%-ით ვიზრდებოდით. ზოგადად ლიზინგის ბაზარი დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა,“ - განმარტა ელდარ ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ბაზარზე წლებია მხოლოდ ორი მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი და ნაკლები აქტივობა კი რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული.

„გვიხარია, რომ შემოგვიერთდნენ ჯერ-ჯერობით მცირე ზომის კომპანიები. მთავარი გამოწვევა ისევ რჩება ლიზინგის ცნობადობა. სამწუხაროდ, ბევრმა მომხმარებელმა ჯერ კიდევ არ იცის ამ პროდუქტის უპირატესობების შესახებ. რაც უფრო მაღალი კონკურენცია იქნება, ჩვენ გაგვიმარტივდება, რომ მეტ მომხარებლამდე მივიტანოთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ,“ - განმარტა ელდარ ახვლედიანმა.

მისივე განმარტებით, სალიზინგო სექტორი კვლავ არ ექცევა ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ.

„ჩვენი ზომიდან, ცნობადობიდან გამომდინარე ბაზარი ვერ ვითარდება. თუ მოხდება საბანკო და სალიზინგო რეგულაციების გამიჯვნა ხელის შემწყობი იქნება, სალიზინგო კომპანიებზე მორგებული რეგულაციები უფრო ხელს შეგვიწყობს. ბაზრის მიმართ დაინტერესებაც უფრო გაიზრდება და იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა გამარტივდება,“ - განმარტა ელდარ ახვლედიანმა.

Businesspartner