საეჭვო ტრანზაქციებზე ანგარიშგების წარდგენა არ ნიშნავს დანაშაულს - სებ-ი FinCen-ზე
საქართველოს ეროვნული ბანკი FinCen-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საბანკო ტრანზაქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"20 სექტემბერს FinCen-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საბანკო ტრანზაქციების შესახებ მოიცავს 2000-2017 წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ბანკების მიერ მიწოდებული ანგარიშგებების ანალიზს. ანგარიშგებები, მათ შორის, მოიცავს საერთაშორისო საკორესპონდენტო გადარიცხვებსაც, რომლებშიც მსხვილი საერთაშორისო ბანკები მონაწილეობენ.
ქვეყნებში ფინანსური დაზვერვის დანაყოფისათვის (FIU) ანგარიშგების, როგორც ეფექტური უკუკავშირის სისტემის, არსებობის ვალდებულება, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით (FATF-ის 40 რეკომენდაცია) არის განსაზღვრული. ფულის გათეთრების აღმკვეთი ამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გარკვეული ტიპის ტრანზაქციების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას ქართული კანონმდებლობაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგების მიწოდება ავტომატურად არ ნიშნავს დანაშაულის ნიშნების ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურებულად არსებობას. ანგარიშგების შეფასებას, საჭიროების მიხედვით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ.
კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მუდმივად სწავლობს ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლის მოთხოვნებთან შესაბამისობას და საჭიროების შემთხვევაში, იყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ღონისძიებებს", - ნათქვამია განცხადებაში.