საბანკო სექტორი სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული რეგულაციის შემსუბუქებას ელის
საბანკო სექტორი ფინანსური სტაბილურობის შემდეგ სხდომაზე, ეროვნული ბანკისგან სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული რეგულაციის შემსუბუქებას ელის.
როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე დამოკლების გადაწყვეტილებას ქონდა გარკვეული ეფექტი, რაც დაახლოებით 6 თვეში ამოიწურა.
„მოლოდინი გვაქვს, რომ სექტემბერში აღნიშნული რეგულაცია შემსუბუქდება და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადა აღდგება ოთხ წლამდე. მიუხედავად იმისა რომ კლლავ საკმაოდ მაღალია ამ ტიპის სესხებზე არსებული მოთხოვნა. ამ რეგულაციას ჰქონდა ეფექტი, თუმცა ეს ეფექტი 6 თვეში ამოიწურა. მოლოდინი, რომ ამ გადაწყვეტილებას კიდევ დამატებითი შედეგები ექნება არ უნდა გვქონდეს. უფრო ტექნიკურ პრობლემებს უქმნის მომხმარებლებს, რაშიც იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც სამწლიან სესხს იღებს ყოველთვიური გადასახადი მეტი აქვს მომხმარებელს, მაგრამ მიუხედავად ამისა სესხზე მოთხოვნის აპეტიტი არ მცირდება.“- აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, ბოლო პერიოდში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების გარკვეული ნაწილი უზრუნველყოფილ სესხებში გადავიდა. მათ შორის მაღალი ზრდა დაფიქსირდა ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებში.
„ფაქტია, რომ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებში არასტანდარტულად მაღალი ზრდა იყო. ამსათან, სესხების სამ წლამდე დამოკლების გადაწყვეტილება ყველაზე მეტად განვადებებს შეეხო და შემცირების ნაკადი გვქონდა ამ პერიოდში.“-განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
შეგახსენებთ, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა ეროვნულმა ბანკმა 4-დან 3 წლამდე გასული წლის აგვისტოში შეამცირა. რეგულაციის შემოღებისთანავე ითქვა, რომ რეგულაცია დროებითია და გადაიხედება.
გასულ ფინანსური სტაბულურობის სხდომაზე კი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ სამომხმარებლო დაკრედიტების წლიური ზრდა 20% ნიშნულს სცილდება, რაც სებ-ს სესხის 4 წლამდე დაგრძელვადიანების საშუალებას არ აძლევს.
ფინანსური სტაბილურობის შემდეგი სხდომა 27 სექტემბერსაა ჩანიშნული.