ფინანსები
16/06/2021

საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემის მიმდინარე წლის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს.

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, სექტორს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის შესაძლებელი 50 მლნ-იანი ბიუჯეტის დაკორექტირება.

„წელს კითხვები ჩნდება რამდენად შეიძლება აღნიშნული ბიუჯეტის გაზრდა. საკითხთან დაკავშირებით კატეგორიული უარი არ მიგვიღია. შემოდგომისთვის ნათელი იქნება საჭირო გახდება თუ არა ბიუჯეტის გაზრდა,“ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის პროექტი, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი იყო როგორც 2020 წელს ისე 2021 წლისთვის.

„აღსანიშნავია, რომ შარშან საბანკო სექტორისთვის 300 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ეს თანხა იყო არა მოლოდ ახალი სესხებისთვის არამედ სესხების რესტრუქტურიზაციისთვისაც, მაგრამ რესტრუქურიზაციის მიმართულებით სრულად ათვისება ვერ მოხდა და 95% იყო ახალი სესხების მიმართ მოთხოვნა. რაც შეეხება ზოგადად აქტივობას, გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისების თვალსაზრისით გარკევული პრობლემები კომპანიების მხრიდანაც იყო, მაგალითად ლეგალურობის თვალსაზრისით და სხვა. ასევე, 2020 წელი პანდემიის გამო, ვერ ვიტყვით რომ რომელიმე მიმართულებით იყო ძალიან აქტიური,“ - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.

შეგახსენებთ, საკრედიტო საგარანტიო სქემის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 50 მლნ ლარს შეადგენს. გასულ წელს პროგრამისთვის ჯამში 330 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 300 მლნ საბანკო სექტორისთვის, 30 მლნ ლარი მიკროსაფინანსო სექტორისთვის იყო გათვალისწინებული.

Businesspartner