ფინანსები
22/07/2020

რა ნაბიჯები გადადგა სებ-მა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, - რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. 

2014 წლიდან ამოქმედებულმა მონეტარული პოლიტიკის მექანიზმმა და ბოლო წლებში სახაზინო ობლიგაციების ბაზრის გაფართოებამ, აგრეთვე 2018 წელს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის ასევე დიდ როლს შეასრულებს 2019 წელს ამოქმედებული საპენსიო რეფორმა, რომელიც გრძელვადიანი დანაზოგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა და უახლოეს მომავალში ორგანიზაციის მუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებასაც ელოდება. IOSCO-ს მუდმივი წევრობა პოზიტიური სიგნალია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრების მოთამაშეებისთვის, რადგან გამჭვირვალობისა და ინვესტორთა ინტერესების დაცულობისთვის საჭირო მინიმალური მოთხოვნების არსებობის გარანტია. ამასთან, მისი წევრობა აფართოებს ქვეყნებს შორის ფინანსური ბაზრების ინტეგრაციისა და საქმიანობის სფეროების ზრდის შესაძლებლობებს. IOSCO-ს მუდმივი წევრის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო დაუახლოვდეს IOSCO-ს მიერ შემუშავებულ რეგულირების ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს.

2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში და 14 ივლისს მიღებული "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს მსგავსი მასშტაბის რეფორმა 1999 წელს "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შემდეგ არ განხორცილებულა.

ორივე კანონპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და სრულად შეესაბამება ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ საერთაშორისო პრაქტიკასა და IOSCO-ს პრინციპებს.

"საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონი

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ეკონომიკის შედარებით მცირე მასშტაბია. აღნიშნულს, ერთი მხრივ, გრძელვადიანი დანაზოგებისა და ინსტიტუციური ინვესტორების ბაზრის ნაკლებობა, ხოლო, მეორე მხრივ, კორპორაციული/ინდუსტრიული სექტორის მცირე მასშტაბი განაპირობებს. საქართველოში  საინვესტიციო ფონდების სექტორის განვითარება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. საინვესტიციო ფონდების (PE/VC) საქმიანობას აქვს პოტენციალი, რომ ეკონომიკის მცირე მასშტაბთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევას უპასუხოს და ქვეყანაში კაპიტალის მიწოდების ახალი არხების შექმნას შეუწყოს ხელი. აღნიშნული მიმართულების განვითარების საჭიროება განსაკუთრებით COVID 19-ის ფონზე გამოიკვეთა.

"საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონი საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელებს ეფუძნება. მისი მომზადებისას, გათვალისწინებულ იქნა როგორც UCITS-ის (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/65/EC დირექტივა), ასევე ევროკავშირში მოქმედი ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ დირექტივის (AIFMD) ცალკეული მოთხოვნები. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო კოდექსშიც. კერძოდ, განისაზღვრა საინვესტიციო ფონდების საქმიანობის დაბეგვრის რეჟიმი, რომელიც  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების (ირლანდია/ლუქსემბურგი) გამოცდილებას ითვალისწინებს.

ცვლილებები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში

ინვესტორთა ინტერესების დაცულობა და გამჭვირვალობის მაღალი მაჩვენებელი კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, რისთვისაც გამართული სამართლებრივი ჩარჩოა საჭირო. ერთი მხრივ, აუცილებელია ბაზარზე ზუსტი, სრულყოფილი და დროული ინფორმაციის არსებობა, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ შეაფასონ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან დაკავშირებული სარგებლიანობა და რისკები. მეორე მხრივ, ინვესტორთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს არაკეთილსინდისიერი ქმედებების იდენტიფიკაციის, პრევენციისა და მათგან ინვესტორთა დაცვის მექანიზმები. "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები შემუშავებულია ბაზრის მასშტაბისა და გამოწვევების გათვალისწინებით და სწორედ ზემოაღნიშნული საკითხების დარეგულირებას ისახავს მიზნად.

კანონის ცვლილებებით იხვეწება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ჩარჩო. განისაზღვრება მოთხოვნები მათ მიერ პერიოდული ფინანსური ინფორმაციის, აგრეთვე ემიტენტების მნიშვნელოვანი წილის შეძენისა და ინსაიდერული ინფორმაციის წარდგენასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. კანონით განიმარტება, თუ რას წარმოადგენს ინსაიდერული ინფორმაცია; განისაზღვრება და აიკრძალება ქმედებები, რომლებიც ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად, ინსაიდერულ ვაჭრობად ან ბაზრის მანიპულაციად ჩაითვლება. აგრეთვე, კანონში განხორციელებული ცვლილებით გამარტივდება საჯარო ემისიის პროსპექტის დამტკიცების წესები. კერძოდ, დაზუსტდება მოთხოვნები წარსადგენ ანგარიშგებებთან მიმართებით, განისაზღვრება ინფორმაციის წარდგენის განსხვავებული მოთხოვნები კონკრეტული ტიპის შეთავაზებისთვის, და გამარტივდება პროსპექტის დამტკიცების პროცესი.

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების კიდევ ერთ მიზანს 90-იან წლებში პრივატიზებული საწარმოების დამატებითი მარეგულირებელი წნეხისგან გათავისუფლება წარმოადგენს. ამ კომპანიების უმრავლესობა, მათი ზომიდან, მმართველობის სტრუქტურიდან და შემოსავლიანობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს შეესაბამებოდეს მათთვის დაწესებულ გამჭვირვალობის სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის ცვლილებით, მათ უდიდეს ნაწილს საშუალება მიეცემა მოიხსნან "ანგარიშვალდებული საწარმოს" სტატუსი. მათზე აღარ გავრცელდება "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონით დაწესებული მოთხოვნები და შეზღუდვები.

განსახორციელებელი ღონისძიებები და ასამოქმედებელი სამართლებრივი აქტები

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ჩარჩო მნიშვნელოვნად განახლდება და დაიხვეწება. საქართველოს ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს უზრუნველყოს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესების გამჭვირვალობა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ამასთან, მნიშვნელოვანია განახლებული სტანდარტების/მოთხოვნების  დანერგვის და საინვესტიციო ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების განვითარების  ხელშეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით მომდევნო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იგეგმება.

ამასთან, როგორც 2020 წლის ივნისში ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო სტრატეგიის გამოქვეყნებისას აღინიშნა, აღნიშნული ღონისძიებები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენელთა ზედამხედველობასთან დაკავშირებული დეტალური სტრატეგია და გეგმები საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს დაემატება.

Businesspartner