ფინანსები
02/08/2023

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არასოდეს იქცეს სანქციებისთვის თავის არიდების ადგილად"

„ეროვნული ბანკი და მთლიანად საბანკო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს ყველა რეგულაციას, რომელიც დაკავშირებულია ომის პირველივე დღიდან, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ამ კუთხით არსებული ვითარება როგორც ეროვნული ბანკის მკაცრი ზედამხედველობის, ისე თავად საბანკო სექტორის სიფრთხილისა და თვითდისციპლინის შედეგია.

„ეს მხოლოდ ჩვენი ხედვა არ არის. ასეთია სხვადასხვა საერთაშორისო მისიის შეფასებაც. ჩვენ წინა თვეში გვსტუმრობდა მაღალი დონის დელეგაცია, სანქციებიის კოორდინატორები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, მათი შეფასება ეროვნული ბანკის და მთავრობის ძალისხმევის იყო საკმაოდ დადებითი. საფინანსო სისტემა და ასევე ჩვენი საბაჟო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო არასოდეს არ იქცეს სანქციებისთვის თავის არიდების ადგილად. ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ანგარიშშიც ეს დადებითად არის შეფასებული.“-აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, სანქციების ზედამხედველობისთვის ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც კონსულტაციის გაწევით არის დაკავებული.

Businesspartner