ფინანსები
29/07/2020

ყოველდღიურ ბანკინგს გამარტივება სჭირდება - Space

„დამატებითი კონკურენცია, ძველი პროდუქტების კანიბალიზაცია და ახალი, ინოვაციური მოთამაშეების გამოჩენა კიდევ უფრო განავითარებს საქართველოს საბანკო სექტორს და მომხმარებელი ამით მხოლოდ მოგებაში დარჩება“, - ასე აფასებს საქართველოში პირველი ციფრული ბანკი Space-ის გენერალური მენეჯერი ლაშა გურგენიძე  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანაში ციფრული ბანკის ლიცენზირების გამარტივებას ეხება.  

გურგენიძის განცხადებით, სამომავლოდ შესაძლებელია ისეთი ახალი ბიზნეს მოდელების შექმნაც, რომლებსაც სხვა ბაზრებზე ექსპორტის პოტენციალი ექნებათ.

„ვფიქრობ, ეს მასშტაბირების საშუალებას მისცემს საქართველოში შექმნილ ფინტეკებს, რაც დღეს ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე უაღრესად დიდ პრობლემას წარმოადგენს.  ასევე მსგავსი რეფორმები ხელს შეუწყობს სხვა უცხოურ კომპანიებს, ოპერირება დაიწყონ საქართველოში ან საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - აცხადებს გურგენიძე.

კითხვაზე, ციფრული ბანკის არსებობა ხომ არ გაზრდის კონკურენციას კომერციული ბანკებისთვის, გურგენიძე განმარტავს, რომ space-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, სწორედ კონკურენციის ზრდა იყო. კომპანია თვლიდა, რომ ყოველდღიურ ბანკინგს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც სჭირდებოდა გამარტივება და თანამედროვე მიდგომებზე გადაწყობა. სფეისი ამას ახალი ტექნოლოგიებით, პროცესების ავტომატიზაციით და ფიზიკური არხების მაგივრად, ციფრული არხებით ახორციელებს.  

„შედეგად ვიღებთ მყისიერ, გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებს და სერვისებს, რაც თავისთავად ზრდის კონკურენციას და ავითარებს მთლიანად საბანკო სექტორს“, - აცხადებს გურგენიძე.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიიღო მომხმარებელმა ციფრული ბანკი, space-ის გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ ნეობანკების პირველი მომხმარებლები, (ე.წ early adopter-ები) ტექნოლოგიების მოყვარული ახალგაზრდები არიან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ყველა სერვისის დისტანციურად, სწრაფად და მარტივად მიღება.

„სფეისის გაშვებიდან სულ რაღაც ორ წელიწადში ჩვენი აპლიკაცია მილიონზე მეტჯერ ჩამოტვირთეს მომხმარებლებმა, უკვე 200 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს და რაც მთავარია ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ არამარტო ტექნოლოგიური ახალგაზრდები არამედ მომხმარებელთა სხვა ჯგუფებიც აქტიურად მოიხმარენ ჩვენს სერვისს და ეს ძალიან გვახარებს. ვფიქრობ, ამის მიზეზი ჩვენი პროდუქტების სიმარტივე და კარგი მომხმარებლის გამოცდილებაა (user experience)“, - აცხადებს გურგენიძე.

კითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ბანკს საქართველოში და  სამომავლო პერსპექტივაში ხომ არ განიხილავს კომპანია  არეალის გაზრდას, გურგენიძე აცხადებს, რომ space ინოვაციური ბანკინგის ერთგვარი ლაბორატორიაა.

„აქ ტარდება ექსპერიმენტები პროდუქტის, მომსახურების, კომუნიკაციის მიმართულებით, წარმატებული აღმოჩენების გამოყენება კი შესაძლებელია უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უზბეკეთი სფეისის გუნდისთვის გეოგრაფიული ექსპანსიის პირველი შემთხვევაა, თუმცა მას სულ მალე მოჰყვება სხვა ახალი ქვეყნები. ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი სტრატეგიული ხედვის უმთავრესი ნაწილია და ამ მიმართულებით მრავალი გეგმა აქვს“, - აცხადებს გურგენიძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს. ამ მოდელის განვითარებით  ცენტრალური ბანკი  მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს  ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, ასევე  მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებულ, მოხერხებულ, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას. რისკების მინიმიზაციის  მიზნით ეროვნული ბანკი პროცესში რეგულირების ლაბორატორიას გამოიყენებს.

 

 

Businesspartner