ფინანსები
05/11/2020

პოლიტიკა, პანდემია, მოლოდინები - წნეხი ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე

„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის შეფასებით, დღეს ლარი ზედმეტადაა გაუფასურებული და ამ დღეებში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია უნდა დაიწყოს.

ნადარაიას ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ახორციელებს ინტერვენციებს და ამას გააგრძელებს კიდეც. „დღემდე რა ვალუტაც დაიხარჯა, ეს არის დიდწილად მაინც მთავრობის მიერ მოტანილი. ის, რაც ეროვნული ბანკის რეზერვებია, პრაქტიკულად არ დახარჯულა, ეს ბუფერი არსებობს. ასევე არსებობს ის დამატებითი რესურსი, რომელიც მთავრობამ კიდევ უნდა მოიტანოს,“ - აცხადებს ნადარაია.

რაც შეეხება გაუფასურების მიზეზებს,სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ გაუფასურებულიარეგიონის ვალუტებიც, თუმცა თუ ავიღებთ  რეგიონში საშუალო კურსს, ვნახავთ, რომ ლარი არ გამყარებულა და რჩება გაუფასურებული.

როგორც ნადარაია აცხადებს, მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვები არ შეიძლებოდა გამხდარიყო ლარის გაუფასურების მიზეზი, რადგან ადგილობრივი შეზღუდვები, თუ სწორად იქნა აღქმული, შესაძლოა კურსზე დადებითადაც მოქმედებდეს.

„შეზღუდვები ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ კურსზე ნეგატიური ზემოქმედება არ აქვს, რადგან ჩვენ ტურიზმი არ გვაქვს, ექსპორტზე და გზავნილებზე საზღვარგარეთ რაც ხდება ის მოქმედებს. შეზღუდვები პირიქით, ამცირებს იმპორტს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდვების დაანონსება განწყობას აუარესებს,“ - აცხადებს ნადარაია.

„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის განცხადებით, ძლიერი იყოს იმის მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტა გაუფასურდებოდა. ასევე ნეგატიურად იმოქმედა ტურიზმის აღდგენის დაწყების პროგნოზის 2021 წელს კიდევ უფრო გადაწევამ.

ასევე, შესაძლოა ერთ-ერთი ნეგატიური მოლოდინი, რომელმაც ლარზე წნეხი მოახდინა ევროობლიგაციების დაფარვაა. როგორც ცნობილია,  გაჟღერდა, რომ 2021 წლის აპრილში 10-წლიანი ვადიანობის $500 მლნ-ის ევროობლიგაციები შესაძლოა არა დარეფინანსირდეს, არამედ დაიფაროს. ნადარაია აცხადებს, რომ ეს ფაქტი განწყობებზე უარყოფითად მოქმედებს.

ოთარ ნადარაიას განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაკრედიტება ლარის ხარჯზე იზრდება, ანუ დოლარსა და ევროში დაკრედიტება მცირეა. ეს დადებითი ტრენდია, თუმცა ისტორიულად, ასეთ შემთხვევაში კურსზე ასევე ხდება ზეწოლა.

„ვალუტაში სესხების გაცემა რისკია და ამ მხრივ კარგი არ არის. როდესაც ყველას ლარში  უნდა სესხი, ხოლო  დაზოგვა დოლარში ურჩევნიათ, ამ დროს ვალუტა გროვდება ბანკებში, სესხები გაიცემა ლარში, ასევე ეროვნული ბანკის დაფინასებით, რაც დამატებით ზეწოლას ქმნის კურსზე“-აცხადებს ნადარაია.

მისი განცხადებით, სავარაუდოდ, საფიქრალია სავალუტო ჰეჯირების კუთხით, როდესაც ერთდროულად მოხერხდება ლარის კურსისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ასევე ლარში სესხების წახალისება. ეს ინიციატივა პანდემიის დასაწყისშივე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სათათბიროს ეგიდით მომზადდა, თუმცა შემდეგ პრაქტიკული განხორციელება ვერ მოხერხდა.