ფინანსები
29/07/2021

პაატა ბაირახტარი: არსებობს საგარეო დახმარებების შეჩერების რისკი

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ რაც მოხდა, არის უპრეცედენტო მიდგომა ევროპის და ზოგადად, დასავლეთის მიმართ.

მისი განმარტებით, დიპლომატიურ ენაზე ეს არის უპრეცენდენტო უპატივცემულობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში ამას ექნება კონკრეტული შედეგები, თუმცა, საინვესტიციო მიმართულებით რამდენად ხელშესახები იქნება, ძნელი სათქმელია, რადგან ქვეყნის საინვესტიციო გარემო ისედაც მძიმეა.

„თუ შევხედავთ ბოლო  5 წელს, ქვეყანაში ინვესტიციები ქრონიკულად მცირდება. დღეის მდგომარეობით, ახალი  ინვესტიცია არ შემოდის, თუმცა სამომავლოდ ეს საინვესტიციო გარემოს დააზიანებს.

მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, თუ მომდევნო 2-3 წელი ჩვენთან ინვესტორები რიგი მიზეზების გამო ინვეტიციებს არ ჩადებდნენ, ახლა შეიძლება მომდევნო 10 წელი არ მოინდომონ სერიოზული ინვესტიციის განხორციელება,“ - აცხადებს ბაირახტარი.

როგორც ეკონომისტი განმარტავს, საინვესტიციო რისკის და საინვესტიციო იმიჯის ფეხქვეშ გათელვის გარდა, ძალიან ბევრ რისკს მოიაზრებს ის ქმედება, რომელიც მმართველმა ძალამ გადადგა. ამას კი ცხადჰყოფს დასავლეთის უხისტესი რეაგირება.

„თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ მარტო ევროკავშირს პანდემიის დასაძლევად მილიარდნახევარი აქვს გამოყოფილი ჩვენთვის და გავიხსენოთ, რომ აქედან ყველა ტრანში მოსული არ არის. თუ ჩვენ კონკრეტული დახმარებები შეგვიჩერეს და თუ მიდგა საქმე სანქციებზე (არ ვგულსიხმობ პერსონალურ საქციებს) არც მინდა წარმოვიდგინო ქვეყნის მდგომარეობა.

არსებული მესიჯების შემდეგ გამორიცხული არაფერია," - აცხადებს ბაირახტარი.

შეგახსენებთ, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც  კრიტიკულად შეაფასა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, ანულირებულად გამოეცხადებინა "შარლ მიშელის დოკუმენტი".

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო" - ნათქვამია განცხადებაში.