ფინანსები
22/06/2023

ნათია თურნავა: IMF-თან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის სებ-ის გუნდი ყველაფერს გააკეთებს

„სავალუტო ფონდი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მე როგორც ყოფილ ეკონომიკის მინისტრს მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება IMF-თან თანამშრომლობის,“- ამის შესახებ ნათია თურნავამ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის ეროვნული ბანკის გუნდი ყველაფერს გააკეთებს.

„ძალიან კარგად ვაფასებ იმ სიკეთეს, რაც მოაქვს სავალუტო ფონდს, არამხოლოდ რეფორმის თუ პროგრამის განხორციელებაში, ეს მნიშვნელოვანია იმიჯურად და ჩვენი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, რომ სავალუტო ფონდთან გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა. თუკი რამე კითხვები იქნება, მზად ვართ მეტი განმარტებისთვის,"-აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა იმ კანონთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება, რომელში შესული ცვლილების შედეგადაც შემოვიდა ახალი აღმასრულებელი თანამდებობა. როგორც იცით ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა მოგვიანებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ კანონში შესული ცვლილება ინსტიტუციურ პრობლემას პასუხობს.

„რაც შეეხება კანონს, ის ინსტიტუციურ პრობლემას პასუხობს, შემოვიდა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს. დღემდე ეს მომენტი არ იყო დარეგულირებული კანონით და კი, ბატონი არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალია, ასრულებდა მის მოვალეობას, მაგრამ ბატონ არჩილს რამდენიმე თვეში უმთავრდება ბორდში ყოფნის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა და სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის კანონში იყო ვაკუუმი და არ გვქონდა განმარტებული თუ როგორ ხდება ამ დროს მენეჯმენტის უფლებამოსილების გადაცემა.

ეროვნული ბანკი არის ინსტიტუცია, რომელიც აგებს პასუხს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. შესაბამისად ინსტიტუციურად ეს ორგანო მისი მენეჯმენტის ასეთ გაურკვევლობას ვერ იტანს. კანონმა მოხსნა ეს რისკი. როდესაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით არ ჰყავს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტს უმთავრდება ვადა, ამ დროს რა ხდება - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობდა.

კანონმა დაარეგულირა ეს საზოგადოდ და მომავალში, რომ შეიქმნას მსგავსი სიტუაცია აღარ იქნება გაურკვევლობა საფინანსო სექტორისთვის,"-აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, სებ-ში საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრებმა ნათია თურნავა ხმათა უმრავლესობით პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 5-მა წევრმა დაუჭირა. ორმა მათგანმა კი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.