Moody's-მა საქართველოს ახალ ევრობონდებს Ba2 რეიტინგი მიანიჭა
Moody's Investors Service-მა საქართველოს მთავრობის ახალ ევრობონდებს, რომლის გამოშვება ლონდონის ბირჟაზე ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა, Ba2 რეიტინგი მიანიჭა, პროგნოზით "სტაბილური."
სარეიტინგო კომპანია განმარტავს, რომ პროგნოზი "სტაბილური" მიათითებს რომ საქართველოს რეიტინგის რისკები დაბალანსებულია.
"ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს ეკონომიკის ზრდისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვის", - განმარტავს Moody's და იქვე დასძენს, რომ შიდა დანაზოგებისა და ინვესტიციების ეფექტურობის ასამაღლებელი სამუშაოები შეავსებს ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების მრავალფეროვნებას, რაც ნაწილობრივ ასახავს მთავრობის ლოგისტიკისა და ინფრატრუქტურის მიმართულებით ხარჯვის ფოკუსს.
"ჩვენ ასევე ველით გრძელვადიან სტაბილურობას როგორც საშინაო, ისე გეოპოლიტიკური მიმართულებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რუსეთთან დაძაბულობისა. ეს ხელს შეუწყობს შემდგომი ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების ხელშემწყობი გარემოს შექმნას", - განმარტავს სარეიტინგო კომპანია.
Moody's-ი მიანიშნებს მაღალი დოლარიზაციის მაღალ რისკზეც. ასევე გაურკვევლობას ხედავს, თუ რამდენად გაიზრდება ეკონომიკის პროდუქტიულობა ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, რომელიც ამ დრომდე ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
Moody’s აფასებს საქართველოს გარემოზე ზემოქმედებას „ზომიერად უარყოფითად“ (E-3 ემიტენტის პროფილის ქულა). ასახავს ზომიერად უარყოფით რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის ფიზიკურ ცვლილებებთან.
Moody's-ის შეფასებით საქართველოს საკრედიტო პროფილი ემყარება მის ინსტიტუციონალურ სიმტკიცეს, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას.
Moody’s-ის შეფასება დემოგრაფიულ გამოწვევებსაც ეხება, მათ შორისაა ერის დაბერება, მოსახლეობის შემცირება და სოფლის მეურნეობის სექტორში პროდუქტიულობის ზრდის მუდმივად დაბალი მაჩვენებელი (სადაც მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია დასაქმებული).
Moody’s-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2013-2022 წლებში საშუალოდ 3.2% იქნება.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შემოდინებულ ინვესტიციებზე, რადგან შიდა დანაზოგი დაბალია. იქვე მითითებულია, რომ ეს აისახა ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის მნიშვნელოვნად მცირდებოდა პანდემიამდე.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, მთავრობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით. გატარდა რეფორმები, რომელიც საფუძვლად უდევს საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას. Moody's მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად გამოიწვევს ქვეყნის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
Moody-ის აზრით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად, ხელისუფლებამ არ უნდა მოადუნოს ყურადღება გრძელვადიანი ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, რაც დღეს მაინც რისკად რჩება.
Moody’s-ის შეფასებით, კორონა ვირუსის პანდემიის გავლენა საქართველოს ფისკალურ სიძლიერეზე აისახება. სწორედ ამან გამოიწვია ვალის ზრდა მშპ-ს 61%-ზე მეტად. ამის ნაწილობრივ კომპენსაციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველო სარგებლობს სესხის ხელსაყრელი სტრუქტურით. მისი აბსოლუტური უმრავლესობა მრავალმხრივი და ორმხრივი სესხია და პირობებიც შედარებით შეღავათიანია.
Moody’s-ის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი ფისკალური მდგომარეობა ასევე რეაგირებს ლარზე, რომელსაც აქვს თავისუფალი მცურავი კურსი და ხასიათდება გაუფასურების ტენდენციით. საქართველოს სესხის ტვირთი და მისი მომსახურების ხარჯები, რომელიც 2019 წლის მონაცემებით, 77% უცხოურ ვალუტაშია, დაუცველია გაცვლითი კურსის მოულოდნელი ცვლილებებისგან.
"და ბოლოს, ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო მეტ ეკონომიკურ დივერსიფიკაციას და დროთა განმავლობაში პროდუქტიულობის უფრო მაღალ ზრდას, ზრდის საქართველოს ეკონომიკურ სიძლიერეს და პოტენციურად ხელს უწყობს რეიტინგის მატებას", - განმარტავს Moody's.