ფინანსები
15/09/2023

"მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული საბაზრო ინფლაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზეც გავლენას მოახდენს"

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული საბაზრო ინფლაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზეც გავლენას მოახდენს,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რუსეთში მიმდინარე პროცესები, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და საყურადღებოა, ამას საქართველოს ეკონომიკაზე რა გავლენის მოხდენა შეუძლია. ამასთან ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორია და ბუნებრივია, იქ მიმდინარე ეკონომიკური პროცესები საქართველოს ბაზარზეც აისახება. ასევე, თურქეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, სადაც ახლა 58%-იანი ინფლაციაა და მანამდე კურსი მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, ეროვნულმა ბანკმა გასაცემი სესხების ვადიანობა 4-დან 3 წლამდე შეამცირა და როგორც მესტვირიშვილი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში მიღებული ზომების შედეგები შეფასდება, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა შეიძლება გარკვეული კორექტირებები შეიტანოს, რომელიც სავარაუდოდ გამკაცრებისკენ არ იქნება მიმართული.

"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი გაურკვევლობა არის გეოპოლიტიკური, გლობალურ და ასევე რეგიონალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა გვაქვს.  

ბოლო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დაჩქარება შეინიშნება, რაც სიფრთხილის საფუძველს იძლევა. ამ სესხების უმრავლესობა ბიზნეს სესხებია. მომავალში, თუ ჯამურად სესხების ტემპმა მოიმატა, იძულებული გავხდებით მონეტარული პოლიტიკის შერბილება შევანელოთ, ხოლო თუ პირიქით, შენელდება, მაშინ აქტიურად შევარბილოთ.“-აცხადებს მესტვირიშვილი.

მისივე ცნობით, იპოთეკური სესხების ზრდა სტაბილურად მიმდინარეობს და დიდი მერყეობები არ არის მოსალოდნელი.

ასევე ექსპორტს აქვს შენელების ტენდენცია, რაც საყურადღებოა, თუმცა იმპორტი კვლავ სოლიდურია და აგრძელებს არსებულ დინამიკას.

როგორც მესტვირიშვილი განმარტავს, ორი შემადგენელი ფაქტორი არსებობს -  შიდა და საგარეო.

საგარეო ფაქტორი, რომელიც ტურიზმის აღდგენისა და მიგრანტების ჯამური ეფექტისაგან შედგება. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა 20%-ს გადააჭარბა და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენცია როგორც წელს, ასევე მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ასევე, შიდა ფაქტორები, რომლის მთავარი ინსტრუმენტია ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება და ბიუჯეტის დეფიციტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტს შემცირების მიმართულება. 

რაც შეეხება ნავთობის ფასს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პროგნოზით, ნავთობის ფასებზე გაურკვეველი ზრდაა მოსალოდნელი, ვინაიდან ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ასევე მოსალოდნელია, რომ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც წამყვანი ეკონომიკები არიან,  არსებულ მონეტარულ ეკონომიკას შეინარჩუნებენ, ან მიმდინარე წელს გარკვეული ზრდა იქნება, თუმცა მომავალი წლიდან განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაა მოსალოდნელი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, ინფლაციის გარდა, ეროვნული ბანკის მანდატს ფინანსური სტაბილურობა წარმოადგენს, რის გამოც ქვეყანაში მიმდინარე დინამიკას მუდმივად თვალს ადევნებენ, ვინაიდან შემდეგ წლებში განისაზღვროს, ფინანსურ სტაბილურობასა და ეკონომიკაზე რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის რეგულაცია და გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ იღებენ.

"ამ თვის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის სხდომა გვექნება და  თუ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამის შესახებ აუცილებლად ხმამაღლა გავაჟღერებთ.

თუმცა, შეიძლება იტქვას, რომ მაკროპრუდენციული  ინსტიტუტების (მაკროპრუდენციული პოლიტიკის ამოცანაა, ფინანსური სექტორის პროციკლურობის, ჭარბი დაკრედიტების, დოლარიზაციის, ჭარბი კონცენტრაციისა და სხვა სისტემური რისკების შემცირება) ანალიზს მუდმივად ვახდენთ," -აცხადებს მესტვირიშვილი. 

მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში ფინანსური სტაბილურობის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს, სადაც ყველა დეტალი იქნება ახსნილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.