მინისტრი: ევრობონდებზე მოთხოვნამ დაადასტურა, რომ საქართველოს მიმართ ინვესტორებს დიდი ნდობა აქვთ
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ, ინვესტორთა მხრიდან დიდი ინტერესია და ეს ევრობონდების ემისიამაც დაადასტურა.
„საქართველოში ევრობონდების მიმართ მოლოდინების ჩამოყალიბების პროცესი საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. ჯგუფში ავტორიტეტული ორგანიზაციები მუშაობდნენ და მიუხედავად მაღალი ინტრესისა, პროცესის კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, შეზღუდული ვიყავით საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით,“ - ძველი და ახალი ფასიანი ქაღალდების თემა ფინანსთა მინისტრმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ მიმოიხილა.
მისი განმარტებით, მოლოდინები, გარკვეულწილად არასაიმედო და პესიმისტურიც კი იყო, თუმცა, საქართველომ არა მხოლოდ ვალის დაფარვა, არამედ ახალი ევრობოდნების გამოშვებაც წარმატებით მოახერხა, თანაც 2,5-ჯერ დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
"დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გვესმოდა გარკვეული პირებისგან, ექსპერტებისგან, რომ საქართველომ ევრობონდების დაფარვა ვერ შეძლო. თუმცა, მალე გაირკვა, რომ ვალის დასაფარი რესურსი გვქონდა. განხილვების მეორე ტალღა იყო, რომ საქართველომ ვერ მოახერხა ახალი ევრობონდების გამოშვება, რაც ასევე არ შეესაბამებოდა სიმართლეს... მნიშვნელოვანი იყო დროის ოპტიმალურად გათვლა, კონკრეტულად თუ ადრე მოხდებოდა ევრობონდების გამოშვება, ჩვენ ახლის და ძველი ობლიგაციების პროცენტის გადახდა დაგვეკისრებოდა, შესაბამისად, ეს ორი პროცესი დროში ახლოს უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან. საბოლოოდ შუალედი რამდენიმე დღე გამოვიდა. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, წინასთან შედარებით 300 მლნ ლარით ნაკლები გადავიხადეთ საგარეო ვალდებულებაზე,“ - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი ინფორმაციით, ერთკვირიან შუალედში იყო ონლაინ შეხვედრები ინვესტორეთან, მათ გააცნეს საქართველო, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მათ სამომავლოდ. საბოლოო ჯამში, კუპონის პროცენტი 2,75-ზე დაფიქსირდა. სწორედ ასე განისაზღვრა ნიშნული, ე.წ. „ბენჩმარკი“, რომელზეც ყოველ შემდეგ წელს მოხდება სწორება არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კერძო კომპანიების მხრიდანაც.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამ მოლაპარაკებების დროს, საქართველოს მიმართ, ინვესტორთა მხრიდან დიდი ინტერესი და კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოიკვეთა.
„ცალსახად, ძალიან მაღალი მოთხოვნა გამოიკვეთა, არა ერთი და ორი, ათეულობით ინვესტორის მხრიდან. საქართველოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 2 მლრდ დოლარამდე იყო. აღნიშნულ თანხას ბუფერადაც ვიყენებთ, რადგან ჯერ კიდევ არ არის გარკვეულობა პანდემიასთან დაკავშირებით. საბოლოო პასუხი ამ პროცესის არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანას ინვესტორების მხრიდან მყარი ნდობა გააჩნია,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“.