
მიმოქცევაში ლარის მასის ზრდა შენელდა
სებ-ის სტატისტიკით, მაისში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 16 მლნ ლარით, 5.123 მლრდ ლარამდე გაიზარდა. თუმცა ტემპი შენელებულია. აპრილში ₾248 მილიონიანი მატება იყო.
აპრილ-მაისში განაღდებების მოცულობა 260 მილიონით გაზრდილია, რამაც ბანკებში შესაბამისად ლიკვიდობა შეამცირა, მ.შ. ბოლო საანგარიშო თვეში (05/2023) 16 მლნ-ით.
მთლიანობაში, მონეტარული ინსტრუმენტებით, მ.შ. შიდა სამთავრობო კონვერტაციებით და BMatch მექანიზმით, მაისში ლიკვიდობა 64 მლნ ლარით გაიზარდა. აქედან რეფინანსირების სესხებით ზრდაა 110 მილიონით და 01.06.2023-ისთვის ნაშთი 761.5 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან ერთთვიანმა სესხმა ლიკვიდობა 400 მილიონით შეამცირა, სამთავრობო ოპერაციებით კი 228 მილიონით გაზარდა.
მაისში მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელი ₾ 60 მლნ-ის წმინდა შესყიდვამ გაზარდა. ასევე ბოლო თვეებში პატარ-პატარა ულუფებით (10/15/18 მლნ) იხურება მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხი, რომლის ნაშთი 250 მლნ ლარის ფარგლებშია.
BMatch-ზე სებ-ის თვის შესყიდვები შემცირებულია. მარტი -აპრილის, $220 მლნ - $322 მლნ-იანი ტრანზაქციების შემდეგ, ცენტრალური ბანკი, სავალუტო ბაზარზე, მაის-ივნისში მცირედით ჩაერია.
სებ-ს ამ 2 თვეში რამდენიმე ათეული მილიონი აქვს სულ შესყიდული. 2 ივნისს ბაზარს $40 მილიონი მიაწოდა კიდეც, რომელმაც მხოლოდ $17.1 მლნ აითვისა.
მარეგულირებელს სავალუტო აუქციონით, მიმოქცევიდან 45 მლნ ლარამდე ამოღება ბაზრის გაწონასწორებისთვის დასჭირდა.
რყევა ქვეყნიდან მაისის კაპიტალგადინებამ განაპირობა (დივიდენდები გაიცა).