მიკრობანკის ლიცენზიის მსურველი სავარაუდოდ, სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იქნება
ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკების შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.
როგორც MBC-ის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის მხრიდან დამტკიცების შემდეგ, კანონი 6 თვეში ამოქმედდება.
„როგორც პროექტშია ნათქვამი, პარლამენტის მიერ დამტკიცებიდან 6 თვეში კანონი ამოქმედდება და გაზაფხულიდან უკვე შესაძლებელი იქნება ლიცენზიის გაცემა. ჩვენც ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის დავიწყოთ აქტიურად ამ ლიცენზიის მოპოვების პროცესი. კანონპროექტით ეროვნულ ბანკს აქვს შესწავლისთვის ექვსთვიანი ვადა, მაგრამ არ ველოდები, რომ მარეგულირებელს განაცხადის დაკმაყოფილებისთვის ექვსთვიანი ვადა დასჭირდეს. ჩვენ ყოველთვიურად ვატარებთ რეპორტინგს და ეროვნული ბანკიც პერიოდულად ამოწმებს სექტორს,“ - განმარტა გია პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, სავარაუდოდ, სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეძლებს.
„აქ საიდუმლო არ არის, რომ რეალური კანდიდატი არის სამი. მათ შორის, რა თქმა უნდა, ვართ ჩვენ, ასევე „კრისტალი“ და "ლაზიკა". ვფიქრობ ამ სამ კომპანიას ექნება ამბიცია, მოიპოვოს მიკრობანკის ლიცენზია. ასევე, შესაძლოა რომელიმე უცხოური კომპანიაც შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე და განაცხადოს ლიცენზიის მოპოვების სურვილი,“ - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, საფინანსო სექტორში მიკრობანკების გამოჩენით კონკურენცია გაიზრდება. მიკრობანკის სახით კი ბანკებს გაუჩნდებათ კონკურენტი.
„არ ვიცი რამდენად მოსწონთ ბანკებს ეს ფაქტი, მაგრამ ზოგადად ეს არის ძალიან კარგი, რადგან კონკურენცია ქმნის ოპტიმალურ ფასებს,“ - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების შესახებ მომზადებული კანონპროექტი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გადაუგზავნა. საფინანსო სექტორმა კი დოკუმენტის აქტიური განხილვები უკვე დაიწყო.