მიკრობანკების შესახებ კანონი ძალაში 1-ელ ივლისამდე შევა
მიკრობანკების შესახებ კანონი ძალაში 1-ლი აპრილიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში შევა.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ვადების გადაწევასთან დაკავშირებული ცვლილება კანონპროექტში უკვე ასახულია.
მისი განმარტებით, ახალი ლიცენზია ორიენტირებულია ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც ბიზნესებს და სოფლის მეურნეობას აფინანსებენ.
„ამ რეფორმის შედეგად მიკრობანკებს ექნებათ შესძლებლობა თავიანთ კლიენტებს ხელმისაწვდომობა გაუჩინონ ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა ანგარიშები, შემნახველი დეპოზიტები, საკრედიტო ბარათები და ასე შემდეგ. რეფორმა სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე გაკეთდა,“- განმარტა პაპუნა ლეჟავამ.
"მიკრობანკების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული საკომიტეტო მოსმენები დასრულებულია, კანონპროექტს ახლო მომავალში საგაზაფხულო სესიაზე გაიტანენ.