ფინანსები
23/06/2021

MBC: ლარის სტაბილურობის შენარჩუნება მიკროსაფინანსოების სექტორისთვის გარდამტეხი იქნება

ლარის ბოლო დროინდელმა გამყარების ტენდენციამ მიკროსაფინანსო სექტორში მოლოდინები გააუმჯობესა.

MBC-ის გენერალური დირექტორის განმარტებით, ბიზნესმა პოზიტიური სიგნალი მიიღო და მთავარია ტენდენცია გრძელ ვადაში შენარჩუნდეს.

„იმედის მომცემი სიახლე ისაა, რომ ლარმა დაიწყო სტაბილიზაციის ნიშნების გამოვლინება. ამას ოპტიმიზმით ვუყურებთ და იმედია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. თუ ამან საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ტენდენციის სახე მიიღო, სექტორში ჩვენ გვექნება სერიოზული გარდატეხა. იმიტომ რომ ლარის არასტაბილურობა არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი სექტორისთვის,“ - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდებოდა წლის ბოლომდე ძალიან ბევრ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მოუწევდა ბაზრიდან გასვლა.

„ლარის გაუფასურების შემთვევაში ამ ბაზარზე ოპერირება სულ უფრო ნაკლებად კომერციულად საინტერესო ხდება. მცირდება კომპანიის მოგება და იზრდება ხარჯი. მოგეხსენებათ, შარშან ამ ყველაფრის შედეგად ძალიან ბევრმა კარგმა კომპანიამ წელი ზარალით დაასრულა,“ - განმარტა გია პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ მეორე კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორში ფინანსური მდგომარება მკვეთრად გაუმჯობესდება.

„ძირითადი პრობლემები შეიძლება ითქვას რომ გადალახულია. მეორე კვარტალში ველოდები, რომ შედეგები იქნება კიდევ უფრო უკეთესი. ამის თქმის ძირითადი საფუძველი ვალუტის გამყარებაა. მომხმარებლების მხრიდან აქტივობაც გაზრდილია. რადგან, როგორც კი სტაბილურობის ნიშნები ჩნდება, ქვეყანაში თამამად იწყებენ ადგილობრივი მეწარმეები ბიზნეს რისკების აღებას. როცა ლარი არის არასტაბილური პროგნოზის კეთება არის შეუძლებელი. ბიზნესი და არაპროგნოზირებადი გარემო კი ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია,“ - აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.

Businesspartner