ფინანსები
10/02/2023

"კრისტალმა" საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც, აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი 6.25 მილიონ ლარს შეადგენს.

ამასთან, ეს არის პირველი შემთხვევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და საქართველოში, როდესაც საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაციების ჩაშვება განხორციელდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გენდერული ობლიგაციები სოციალური ხასიათისაა.

„ეს არის პირველი სერტიფიცირებული გენდერული ბონდი, რომელიც ჩვენ მოვიზიდეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და ის მთლიანად მოხმარდება ქალი მეწარმეების განვითარებას, მათ შორის რეგიონებში.

ტრანზაქცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს არის ერთ-ერთი მსხვილი ტრანზაქცია ქართულ კაპიტალის ბაზარზე. ობლიგაციები ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენაა მიმართული,“- განაცხადა „კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა.

როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურა ქოქოსაძემ აღნიშნა, „კრისტალის“ მიერ გამოშვებული გენდერული ბონდების მნიშვნელობა მრავალმხრივია.

„ამ ბონდების მნიშვნელოვანი ნაწილი აზიის განვითარების ბანკმა და საქართველოს ბანკმა შეისყიდა. ეს მოვლენა არამარტო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ რომ კონკრეტულად ეს ფინანსური ინსტრუმენტი მიმართულია ქალთა დაფინანსების ზრდისკენ და შედეგად, მათი მონაწილეობა ეკონომიკაში უფრო გაიზრდება.“- განმარტა ზურა ქოქოსაძემ.

Businesspartner