კობა გვენეტაძე: რეფინანსირების სესხები რომ არ გაგვეცა, ბანკები უბრალოდ გაჩერდებოდნენ
ფული არის, მაგრამ შედარებით უფრო გაძვირებულია, – კობა გვენეტაძემ განმარტა, საიდან შეუძლია საბანკო სექტორს სესხების გაცემა გააგრძელოს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, კრიზისის გამო, ბაზარზე მთელი რიგი ცვლილებები მოხდა.
- გაიზარდა ნაღდ ფულზე მოთხოვნა, რადგანაც გადაადგილების შეზღუდვის გამო, მოსახლეობამ „ქეში“ მოიმარაგა და როგორც სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, „ზრდა ძალიან დიდი იყო, ყველა დინამიკიდან ამოვარდნილი“;
- მთავრობამ კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე არსებული სახსრების მობილიზება მოახდინა, რადგანაც მისი ხარჯვისთვის ემზადება;
- კომერციულ ბანკებს ფულადი ნაკადები შეუმცირდა, რადგანაც მსეხებლების უმეტესობამ, მათ შორის იურიდიულმა პირებმა, სესხების მომსახურების გადავადების შეთავაზებით ისარგებლა.
„ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სვოპის ოპერაციები და ვეუბნებით ბანკებს, მოგვიტანეთ დოლარი, ჩვენგან იღებთ ლარს და გააგრძელეთ მუშაობა. კაპიტალის ბუფერი შემცირებულია, ბანკებს შეუძლიათ სესხების გაცემა. EBRD-თანაც სვოპი გავაკეთეთ, რომ მისი სახსრების ლარში მიწოდება მოხდეს, ამაზე დამატებით, კიდევ ერთი ინსტრუმენტი შემოვიტანეთ, სადაც ლიმიტიც კი არ არის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას.
ცენტრალური ბანკის მმართველმა რეფინანსირების სესხებზე და ამ სესხების აუცილებლობაზე ისაუბრა. ეს თემა წლებია სებ-ის კრიტიკოსებისთვის მთავარი თემაა, რადგანაც მიიჩნევენ, რომ ეს სესხები ლარის კურსზე დაწოლას ქმნის, რასაც კობა გვენეტაძე გამორიცხავს.
„1 კვირის წინ რეფინანსირების სესხები 3.6 მილიარდამდე გაიზარდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ ეს სესხები არ გაგვეცა. იცით რა მოხდებოდა? კომერციული ბანკები უბრალოდ გაჩერდებოდნენ, ვერ შეძლებდნენ სესხის გაცემას. მაგალითად, 2008-2009 წლების ვითარებას თუ გაეცნობით, მაშინ იყო დიდი პრობლემა ის, რომ გირაოს ბაზა არ არსებობდა, მაშინ არ ჰქონდა ეროვნულ ბანკს ამდენი ინსტრუმენტი და კომერციულმა ბანკებმა ჯანსაღი სესხების დაბრუნებაც კი, მოთხოვეს კომპანიებს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოსტკრიზისულ ვითარებაში ეკონომიკის სტრუქტურაში ცვლილებებს ელის, რის გამო, შესაძლოა ბანკებმა გარკვეული სესხების რესტრუქტურიზაციაზე უარი თქვან.
„საკითხი ასე დგას, ბანკმა უნდა გაუკეთოს თუ არა რესტრუქტურიზაცია ისეთ სესხს, რომლის პერსპექტივას თუნდაც კრიზისის გადალახვის შემდეგ ვეღარ ხედავს. შეიძლება იყოს ასეთი სესხები. მოდით, სიმართლეს პირდაპირ შევხედოთ და ვთქვათ, რომ გარკვეული ცვლილებები ეკონომიკის სტრუქტურაში იქნება და ბანკები ამას კარგად ხედავენ. ამიტომ თუ ბანკი თვლის, რომ სესხი, მას შემდეგ რაც გაივლის ეს კრიზისული ვითარება მაშინაც ვერ გადარჩება, არ მოვთხოვოთ ბანკს, რომ ასეთი სესხის რესტრუქტურიზება გააკეთოს. ამიტომაც შევქმენით ჩვენ ასეთი სესხებისთვის პოტენციური დანაკარგების რეზერვი“, – განმარტა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ბანკები მოთხოვნის შესაბამისად, საკმაოდ ბევრ ლარს მიიღებენ, თუმცა მეორე მხრივ, რომ არ მოხდეს კურსზე დაწოლა სებ-ი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს განახორციელებს, რადგანაც დღეს „უპრეცენდენტო სიტუაციაა“, რაც სებ-ს ძალიან კარგად ესმის.