კობა გვენეტაძე: დიახ, გვაქვს საკმარისი რესურსი ინტერვენციებით დავეხმაროთ ბაზარს
„დიახ, ჩვენ გვაქვს საკარისი რესურსი, რომ განვახორციელოთ ინტერვენციები და ხელი შევუწყოთ ბაზარს ამ რთულ პერიოდში,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.
კობა გვენეტაძის განმარტებით, სებმა 2020 წელს ბაზარს 916 მილიონი დოლარი მიაწოდა და მარეგულირებელი ამ კუთხით აქტივობას 2021-შიც გააგრძელებს.
„პანდემიის გამო, საქართველოში ისევე როგორც გლობალურად ტურისტული სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. რადგანაც პანდემიასთან გამკლავება მობილობის შემცირებას მოითხოვდა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ის ქვეყნებში, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებულნი, ეკონომიკის აღდგენა უფრო ხანგრძლივი იქნება. 2020 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3 მლრდ დოლარი ვერ მიიღო, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დიდი თანხაა. 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო რესურსებს განუწყვეტლივ აწვდიდა და ჩვენ 916 მილინი დოლარი გავიტანეთ ბაზარზე. აქვე, თავიდანვე განვაცხადეთ, რომ 2021 წელსაც მოგვიწევდა ბაზარზე აქტიურობა. რაც ასეც ხდება. მოგეხსენებათ, რომ იანვარში 80 მლნ მივაწოდეთ ბაზარს,“ - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორი იქნება ინტერვენციების ინტენსივობა. ამ კუთხით სებ-ის აქტივობა კი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
„შეუძლებელია ინტენსივობა ზუსტად განვსაზღვროთ. ჩვენი შემდგომი აქტივობა საგარეო სექტორის დინამიკაზე, ბაზრის მოლოდინებზე, ტენდენციებსა და ეკონომიკის აღდგენის სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე კონკრეტული ნიშნული გაცვლით კურსთან დაკავშირებით, როცა მონაწილეობას იღებს ბაზარზე. ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მცურავი გაცვლითი კურსის პოლტიკას. რადგანაც მცურვი გაცვლითი კურსის მოქნილობა შოკებთან გამკლავებისთვის აუცილებელია. რაც შეეხება რესურსებს. დიახ, ჩვენ გვაქვს საკარისი რესურსი რომ განვახორციელოთ ინტერვენციები და ხელი შევუწყოთ ბაზარს ამ რთულ პერიოდში.
ჩვენ ვყიდულობდით ვალუტას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რისთვისაც ბევრ გაუმართლებელ კრიტიკას ვიღებდით. თუმცა სწორედ ამის გამო და ამავე დროს ქვეყანაში განვითარებული სწორი მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ქვეყანამ მიიღო რესურსები, რომლებიც ილექება ეროვნული ბანკის რეზერვებში და ჩვენ გვაქვს საშუალება გავაგრძელოთ ინტერვენციები ისე, რომ ძალიან არ შემცირდეს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები. რადგან მისი მნიშვნელოვანი შემცირება აისახება ქვეყნის რისკ პრემიის გაზრდაზე, რაც ცუდია ეკონომიკისათვის და გააძვირებს კაპიტალის შემოსვლის ფასს, რომელმაც ეკონომიკის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი,“ - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.