ივნისში ჯანდაცვის ზარალების ანაზღაურებაზე მოთხოვნა გაორმაგდა - გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ პანდემიის პირობებში წლიური ბრუნვის სამოქმედო გეგმა 5-7 მილიონი ლარით შეამცირა, - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გეგმა მას შემდეგ შემცირდა, რაც მენეჯმენტმა დაინახა, რომ მარტის შემდეგ ეკონომიკური კრიზისი შეეხებოდა ტურიზმის სფეროს და მასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას, ასევე არაერთ მცირე და საშუალო კომპანიას.
„თუ ვგეგმავდით პირობითად, 30 მილონამდე ლარის მოზიდული პრემიის აწევას, დღეს ჩვენი მიზანია 20-21 მილიონ ლარის მოზიდვა. გვინდა, შევინარჩუნოთ არსებული კლიენტები. ზრდაზე საუბარი ზედმეტია,“ - აცხადებს ნინო კობახიძე.
კითხვაზე, პანდემიის პირობებში კერძო კომპანიებმა ხომ არ დაიწყეს დაზოგვა დაზღვევის კუთხით და ხომ არ ხდება სადაზღვევო ხელშეკრულებების გაუქმება მათი მხრიდან, კობახიძე აღნიშნავს, რომ სადაზღვევო ინდუსტრია არაორდინალური ზარალიანობით გამოირჩევა.
„განსაკუთრებით კომპანიები, რომლებიც სამედიცინო დაზღვევით სარგებლობენ ასეთი ტენდენციით ხასიათებიან: თუ იმ პერიოდში ვერ ახერხებდნენ სამედიცინო სერვისების მიღებას (თუმცა ჩვენ ონლაინ, მუდმივად, ნებისმიერი სპეციალისტების მომსახურება გვქონდა ჩართული) როგორც კი დასრულდა კარანტინი, ივნისში სტაციონარული მომსახურებები გაორმაგდა. აქედან დასკვნა - მათ სამედიცინო საჭიროებები კი არ შეუჩერდათ, გადაუვადდათ. თუ მაგალითად, მაისში მომსახურების მიღება იყო შედარებით ნაკლები, ივნისში სამედიცინო მომსახურებაზე ანაზღაურებული ზარალების მოთხოვნა გაორმაგდა,“ - აცხადებს ნინო კობახიძე.
რაც შეეხება ავტომანქანებს, მიუხედავად კარანტინისა და ე.წ კომენდანტის საათისა, ავტომანქანების დაზღვევის და ზარალიანობის თვალსაზრისით (განსაკუთრებით სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერებში) დიდი ცვლილება და შეღავათი სადაზღვევო კომპანიებს არ ჰქონიათ. პირიქით, ის კომპანიები, რომლებიც ქონების დაზღვევით, მათ შორის, სავაჭრო მოლები იყვნენ დაინტერესებული, პანდემიის გამო გადავადებას ითხოვენ, ზოგიერთ შემთხვევაში პოლისის გაუქმებასაც, რაც ძალიან სამწუხაროა.
„იმედით ვუყურებთ სიტუაციას, ვიმედოვნებთ, სექტემბერ-ოქტომბერი გამოსწორდება გლობალური პანდემიის მართვის ფონზე და ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაპირებული მესამე პირთა სავალდებულო დაზღვევის პროექტი ახალი პარლამენტის რეჟიმის ფარგლებში მაინც იქნება მიღებული. იმედი გვაქვს, რომ ამ ამბავს ევროპულად დავამთავრებთ,“ - აცხადებს ნინო კობახიძე.
პანდემიამ სადაზღვევო ინდუსტრიაზე ნეგატიურად იმოქმედა, თუმცა, ეს შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. პირველი, მაჩვენებლები არის პოზიტიური და კომპანიები ზარალებზე არ წავიდნენ კადრების შემცირების ხარჯზე. „ჩვენ მაგალითად საცალო გაყიდვების სამსახური სრულად შევამცირეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კორპორატიული გაყიდვებით გავიტანდით თავს. ბევრი კომპანია მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, თანამშრომლების შემცირება მეტნაკლებად მაინც მოგვიწია რადგან პროდუქტი არ იყიდებოდა. გავაუქმეთ ბევრი დაგეგმილი ღონისძიება, აქტიური კამპანიები, მარკეტინგული აქტივობები ზუსტად იმის გამო, რომ თანამშრომლების უმეტესობა შეგვენარჩუნებინა და პოსტ პანდემიური სიტუაცია გადაგველახა,“ - აცხადებს ნინო კობახიძე.
დაზღვევის ზედამხდველობის სახელმწიფო ზედამხდველობის სამსახურზე გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ 2020 წლის I კვარტლის შედეგებით 201 000 ლარამდე წმინდა მოგებაზე გავიდა. ამავე პერიოდში კომპანიას მოგების გადასახადის სახით 35 461 ლარი აქვს გადახდილი. 2020 წლის I კვარტლის მონაცმებით, კომპანიის მოზიდული პრემია 10 მლნ ლარს შეადგენდა. ანაზღაურებული ზარალი კი 2.6 მლნ ლარს.