ფინანსები
26/01/2022

იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევამ ბანკებს ხარჯი წლიურად ₾3,2 მლნ-ით გაუზარდა

იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 480 მლნ ლარზე მეტია. წლის ბოლოსთვის ნავარაუდევია, რომ ეს თანხა 510 მილიონს გადააჭარბებს.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ჯამში კომერციული ბანკების ანგარიშებზე განთავსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების 5 მლრდ ლარზე მეტ დეპოზიტს აზღვევს. რაც მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით 14%-ია. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, მთლიანობაში იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევისთვის საბანკო სექტორს ხარჯი წლიურად 3,2 მილიონი ლარით გაეზარდა.

„სადაზღვევო ზღვარი, ფიზიკური პირების მსგავსად, იურიდიული პირების შემთხვევაშიც 15 000 ლარია. 2023 წლისთვის მოსალოდნელია, რომ სადაზღვევო ზღვარი გაიზრდება, თუმცა რა მოცულობამდე, ჯერჯერობით რთული მსჯელობის საკითხია,“ - აცხადებს ოთარ ძიძიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო კი 2018 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. დასაწყისში სააგენტო მხოლოდ 5 000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტების დაზღვევას ახორციელებდა, შემდგომში კი ეს ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა.

Businesspartner