ფინანსები
11/08/2021

ირაკლი რუხაძე: საქართველოს ბანკმა და თიბისიმ ეკონომიკის აყვავებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს

"ლიბერთის ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონკურენტი ბანკების საქართველოს ეკონომიკაში შეტანილ წვლილზე საუბრობს.

"საბანკო სექტორის განვითარების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები არიან, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ბანკმა და თიბისიმ ქვეყნის ეკონომიკის აყვავებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს და მათ გარეშე ჩვენი ეკონომიკა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის," - განაცხადა ირაკლი რუხაძემ "უცნობის კიდობანში" სტუმრობისას.

უცნობის კითხვაზე რატომ ახრჩობენ ბანკები მოსახლეობას და რატომ არის "% კაბალური", ირაკლი რუხაძემ უპასუხა, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. "ლიბერთის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იმით არის განპირობებული, რომ ქვეყანა არის ღარიბი. გარდა ამისა, მაღალ პროცენტს განაპირობებს ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული მოლოდინები და კანონი, რომელიც 2016-2017 წლებში მიიღეს, კერძოდ, საუბარია საბანკო რეგულაციებზე.

ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, რომ ლარიზაცია მნიშვნელოვანია, თუმცა ასე სწრფად მისი განხორციელება არასწორია.

"ბანკი 200 000-მდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვერ გასცემს და უნდა თუ არა ლარში გაცემულ სესხში ითვალისიწნებს ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. სად იყო 10 წლის წინ ლარი და დღეს სად არის ვხედავთ, ამ ხნის განმავლობაში ₾/$-ს შორის სხვაობა ძალიან გაზრდილია. გარდა ამისა, ბანკები ფინანსურ რესურსს საერთაშორისო ინვესტორებიდან, პარტნიორებიდან თუ ინსტიტუტებიდან მოიზიდავენ უცხოურ ვალუტაში და მას შესაბამისად აბრუნებენ ამავე ვალუტაში, მათ არ აინტერესებთ რა ნიშნულზეა ლარი კონკრეტულ ვალუტასთან მიმართებაში. აქვე უნდა ითქვას, რომ მსხვილი ბიზნესისთვის, რომელიც ჩვეულებრივი მომხმარებლისგან განსხვავებით მაღალ სესხს იღებს, საპროცენტო განაკვეთი გაცილებით დაბალია. რაც შეეხება პატარა კომპანიებს ზუსტად ამ 200 000-იანი ზღვარის გამო, უფრო მაღალი პროცენტის გადახდა უწევთ," - განაცხადა რუხაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში საბანკო სექტორი კონკურენტუნარიანია (ბანკებს ემატება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც). 

"ყველა ერთმანეთს ეჯიბრება. საპროცენტო ნიშნულს სესხზე (თუ დეპოზიტზე) ბაზარი არეგულირებს და თუ ის მაღალია სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრეობთ," - განაცხადა ირაკლი რუხაძემ