ფინანსები
12/04/2021

ირაკლი კოვზანაძე: ვფიქრობ, პენსიონერთათვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიმართვის საფუძველზე პენსიონერთა სესხის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.

"ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერთათვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი მაღალია," - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შემსუბუქდეს.

"ამასთან, არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, რომელიმე კონკრეტული ბანკის თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ. მით უმეტეს პანდემიის და ასეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი სხდომა," - აღნიშნა კოვზანაძემ.

ცნობისთვის, საკომიტეტო სხდომაზე ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და „ლიბერთი“ ბანკის წარმომადგენლებს მოუსმენენ.

Businesspartner