ფინანსები
20/04/2021

ირაკლი კოვზანაძე: ევრობონდების განთავსება კარგად განხორციელებული პროექტია

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის თქმით, ევრობონდების განთავსება ეს არის ქვეყნის წარმატება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ კარგად დაგეგმილმა და სწორად განხორციელებულმა პროექტმა მოიტანა.

“ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთის დაღმასვლაა. ასევე საერთაშორისო ბაზარზე ლიკვიდობა მაღალია, როდესაც ქვეყანა უშვებს ევრობონდებს, რომლის გადახდის პრობლემა არ გვქონია და არც გვექნება, ასეთ ქვეყანაში ყველა დებს რესურსს.

მეორე მხრივ, როდესაც ბიუჯეტის განხილვა იყო, გვქონდა პირველი და მეორე ვერსია, სადაც გათვალისწინებული იყო ევრობონდების დაფარვა და არა თავიდან აღება. ამიტომ მიხარია, რომ ევრობონდები ასე კარგად განთავსდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა თავიდან არ აგვეღო და შემცირებული რისკები გვქონოდა,”- აღნიშნავს “ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან” ირაკლი კოვზანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ახალი 500 მლნ დოლარის ევრობონდები გამოუშვა, კუპონის განაკვეთი 2,75%-ია. 

ინფორმაციისთვის,  2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 10 წლიანი დაფარვის ვადით $500 მლნ-ის ევროობლიგაცია განათავსა. ევრობონდები ბიუჯეტიდან გასულ კვირას დაიფარა. 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6.875%-ს.