გია პეტრიაშვილი: თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, წელს ზარალით დავასრულებთ
„თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, მიმდინარე წელს ჩვენც ზარალით დავასრულებთ,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ MBC-ის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.
გია პეტრიაშვილის განმარტებით, ეროვნული ვალუტის მერყეობა მიკროსაფინანსო სექტორზე უფრო მწვავედ მოქმედებს ვიდრე საბანკო სექტორზე.
„ლარის კურსი არის ეკონომიკის ინდიკატორი. მისი მერყობა მიკროსაფინანსო სექტორზე უფრო მწვავედ მოქმედებს ვიდრე საბანკო სექტორზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ლარის რესურსზე წვდომა და ჩვენი რესურსის დიდი ნაწილი მოდის უცხოურ ვალუტაში ნასესხებ სახსრებზე. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუდებიდან სესხების მოზიდვის თვალსაზრისით, ყველა მსხვილ ინვესტორთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, მაგრამ როგორც კი იზრდება ლარის კურსი პროპორციულად ჩვენი ვალდებულებები იზრდება და ამძიმებს ჩვენს ეკონომიურ სიტუაციას,“ - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წელს კომპანიამ ფინანსური სახსრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შარშანდელზე უკეთესი პირობებით მოიზიდა, ფინანსურად მაინც წამგებიან მდგომარეობაშია.
„ვცდილობთ, ინვესტორებისგან სახსრები შედარებით უფრო იაფად მოვიზიდოთ. მაგალითად, წელს უფრო იაფად ვიზიდავთ. მაგრამ ეს გაიაფება ვერ ეწევა იმ დევალვაციას რასაც ლარი განიცდის და მაინც წაგებულ მდგომარებაში ვართ. რადგან ლარის გაუფასურების გამო, იმავე რაოდენობის სესხზე უფრო მეტის გადახდა გვიწევს ვიდრე ვიხდიდით შარშან და შარშანწინ. ეს რა თქმა უნდა, ზრდის ჩვენს ხარჯებს და ამცირებს მოგების მარჟას. ამის გამო ჩვენი მომგებიანობა მკვეთრად მცირდება. შარშან მოვახერხეთ და მოგებით დავასრულეთ წელი, თუმცა ეს ვერ მოახერხეს ჩვენმა ბევრმა კოლეგამ და ცნობილმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ. ოპტიმიზმი წელს ჩვენც აღარ გვაქვს. თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენი კომპანიაც შეუერთდება იმ კომპანიების რიცხვს, რომლებმაც გასული წელი ზარალით დაასრულეს,“ - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.