ფინანსები
11/12/2020
ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას“ - პროექტის ხელმძღვანელი
საქართველოში ღია ბანკინგის სტანდარტი დაინერგება. ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ აღნიშნული სტანდარტის დანერგვის ჩარჩო უკვე შეიმუშავეს. ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს.
პროექტის დირექტორი, მიხეილ კაპანაძე ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ღია ბანკინგს დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის.
,,ღია ბანკინგის განვითარებისთვის საერთო სტანდარტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.ეს სისტემა დაინტერესებულ მხარეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ინტეგრაციას. ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ფინანსურ ორგანიზაციებს დაეხმარება მომხმარებელს შესთავაზონ მრავალფეროვანი პროდუქტი, შეამცირონ არსებული პროდუქტის ღირებულება და მომხმარებელთა ცნობიერება გაზარდონ.
საწყის ეტაპზე, ღია ბანკინგის პირველი ვერსია მხოლოდ ბანკების მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ პირადი ინფორმაცია სასურველი ბანკის ციფრულ არხებში ხელმისაწვდომი გახადონ“ - განაცხადა მიხეილ კაპანაძემ.
აღსანიშნავია, რომ სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვისაა გათვალისწინებული. კომერციული ბანკების მომხმარებლები ამ მომსახურებით 2021 წლის 31 მარტიდან ისარგებლებენ. შემდეგ ეტაპზე არასაბანკო ინსტიტუტების ჩართვა და ფუნქციების გაფართოება - მათ შორის, გადახდების ინიცირებაც იქნება შესაძლებელი.