ეროვნული ბანკი ლარიზაციის პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავს
სექტორში არაერთი ექსპერტი ხელოვნური ლარიზაციის ღონისძიებებს აკრიტიკებს, სებ-ის პრეზიდენტი კი, მიიჩნევს, რომ სწორედ ლარიზაციის ღონისძიებები ამცირებს შოკების დროს რისკებს, რადგანაც გავლენიანი საფინანსო თუ საკრედიტო ორგანიზაციების შეფასებით, სწორედ მაღალი დოლარიზაცია არის ფინანსური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური რისკი, რომლის რეალიზება ეკონომიკურ რისკშიც ხდება.
„2017 წლის დასაწყისიდან დღემდე,სესხების და დეპოზიტების დოლარიზაცია შესაბამისად, 14 და 13 პროცენტული პუნქტით შემცირდა და რომ არა ეს ღონისძიებები, დღეს უფრო რთული ვითარება გვექნებოდა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მან განმარტა,რომ უცხოური ვალუტის სესხებს დარუნებაც სჭირდება,მათ შორის პროცენტის დამატებით, რაც მომავალში მეტ პრობლემას ქმნის.
„ხშირად ვრცელდება ისეთი ანალიზი, რომ დოლარიზაციის ზრდა გაცვლით კურსზე პირიქით, პოზიტიურად მოქმედებს და უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის. არ უნდა დაგვავიწდეს,რომ როდესაც უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საუბრობთ, ამ სესხებს დაფარვაც სჭირდება, პროცენტთან ერთად. აქედან გამომდინარე, დღეს გაცემული მაგალითად, 1000 დოლარის ან ევროს სესხის დაბრუნებისას, არა მარტო ეს თანხა უნდა დაბრუნდეს, არამედ უნდა დაბრუნდეს პროცენტთან ერთად. აქედან გამომდინარე ვალუტაში გაცემული სესხი, მომავალში კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის და სისტემაში აგროვებს რისკებს. აქედან გამომდიანრე საბოლოოდ სავალუტო სესხები კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს და მოლოდინებს აუარესებს.
ამიტომ, ის მოსაზრება, რომ დოლარის სესხები არის გამოსავალი, აბსოლუტურად არასწორია. ერთადერთი სწორი მიმართულება არის დოლარიზაციის შემცირება და ლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელება.უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ კრიზისების დროს, როდესაც გაცვლით კურსზე არის დაწოლა, შესაძლებელია, დოლარიზაცია გაიზარდოს, მაგრამ თუ ქვეყანაში შენარჩუნებულია მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია გაგრძელდება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.