ეპიდსიტუაციაში ოჯახის ექიმების ჩართულობა მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული - იმედი L
ეპიდსიტუაციაში სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ჩართულობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ხარჯებთან, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სადაზღვევო კომპანია იმედი L-ში განუცხადეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან გაიღონ ეს ხარჯი, რათა იმედი L-ის შესაძლებლობის ფარგლებში მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს არსებულ ეპიდსიტუაციასთან გამკლავებაში.
„ამ პროექტში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა დამოკიდებულია ზოგად ეპიდვითარებაზე და იმის გათვალისწინებაზე, რომ არაინფიცირებულმა დაზღვეულებმა შეძლონ სრულფასოვანი სერვისით შეუფერხებლად სარგებლობა,“ - აცხადებენ სადაზღვევო კომპანიაში.
იმედი L-ში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების და თანამშრომლობის შედეგად, იმედი L თავისი ნებით ჩაერთო საკუთარი დაზღეულების კოვიდ-19-ის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის პროცესში.
“პირველ რიგში, გვსურს შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე - სადაზღვევო კომპანიებს არ ჰყავთ ოჯახის ექიმები. პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებს გამოყოფილი ჰყავთ ექიმები, რომლებიც ემსახურებიან დაზღვეულებს.
შესაბამისად, ჩვენ ჩვენი ნებით ამ რესურსის ნაწილი გვინდა ჩავრთოთ კოვიდ-19-ით ინფიცირებული დაზღვეულების ბინაზე მართვის პროცესში.
ამ ექიმებს გავლილი აქვთ შესაბამისი გადამზადების ტრენინგები და მზად არიან დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად მართონ კოვიდ-19-ით ინფიცირებული დაზღვეული პაციენტები,“ - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია იმედი L-ში.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს დაანონსდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია რომ COVID-19-ის მართვაში ერთვება. ეპიდემიის მართვაში სადაზღვევო კომპანიების, ჯამში 50-60 ოჯახის ექიმია ჩართული.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ მუშაობაზე გუშინ საკოორდინაციო საბჭოზეც იმსჯელეს, სადაც აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად მუშაობს საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებაზე. ამასთან, საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის უწყებას დაევალა, გააძლიეროს სამედიცინო კომპონენტი კოვიდ-სასტუმროებში, სადაც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობენ.
ამასთან, მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობას განაგრძობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.