ფინანსები
05/11/2020

დღეს ლარის გაუფასურებაში ყველაზე ნაკლები ბრალეულობა ეროვნულ ბანკს აქვს - პაატა ბაირახტარი

ეკონომისტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი „ბიზნესპარტნიორთან“ ბოლო დღეების განმავლობაში ლარის საკმაოდ მკვეთრი გაუფასურების მიზეზებს განმარტავს. მისი განცხადებით, დღეს ისეთი პროცესები ხდება ქვეყანაში, ეროვნული ვალუტა რომ სტაბილური იყოს, ეს იქნებოდა გასაკვირი.

ერთ-ერთი მთავარი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კურსზე და ზოგადად, ეროვნულ ვალუტაზე, არის მოლოდინების ეფექტი. ბაირახტარის განცხადებით, არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტა მერყეობას დაიწყებდა, ამ მოლოდინების ეფექტმა კი გარკვეული როლი ითამაშა.

„ამას დაემატა ყოველდღიური აქციები, რომელიც უკავშირდება არჩევნების შედეგებით უკმაყოფილებას. ამან რასაკვირველია კიდევ უფრო გაამძაფრა  მოლოდინების ეფექტი. ამას დაემატა ის, რომ კურსმა ამის ფონზე დაიწყო მერყეობა, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმა დაიწყეს ჰეჯირების პროცესი, ამან კი ტექნიკურად გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე. ეს ძალიან ელემენტარული სქემაა,“ - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

მეორე ფუნდამენტური პროცესი, რომელმაც ლარის გაუფასურებაზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სააკორდინაციო საბჭოს დაანონსებული შეზღუდვებია.

„არსებულ შენელებულ ეკონომიკურ აქტივობას დაემატა კიდევ სხვადასხვა მუხრუჭიც, ამან კი უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინა ლარზე. ეს საბჭო ქვეყნის ერთგვარ ტრაგედიად იქცა. ვერ ვხედავ ის  ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან რა შედეგებს აღწევს, მაგრამ ფაქტია, რომ ლართან მიმართებაში მისი განცხადებები ტრაგიკულად მოქმედებს. როდესაც გარკვეულ შეზღუდვას აანონსებ, აუცილებელია ეს იყოს ზუსტად აქცენტირებული და მორგებული კონკრეტულ დროსა და სიტუაციაზე. ასე ზოგადად კონკრეტული გადაწყეტილებების და შეზღუდვების დაანონსება და მიღება ძალიან ნეგატიური სიგნალია ეკონომიკისთვის,“ - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

მისივე განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ნაკლები ბრალეულობა ეროვნულ ბანკს აქვს. თუმცა, მან ასეთ სიტუაციაში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა არ შეიქმნას საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც ასევე ცუდად მოქმედებს ლარის კურზე.  

„ეროვნულ ბანკს დღეს 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რეზერვების ხარჯვა აქვს და ეს მისი გაცხადებული პოლიტიკაა, რადგან წლის ბოლომდე, სანამ გასწორდება ბუნებრივი უცხოური ვალუტის შემოდინებების წყაროები, მან უნდა მიაწოდოს ბაზარს უცხოური ვალუტა. მეორე საკითხია, ინტერვენციების ტაქტიკა და სტრატეგია როგორ ხორციელდება. მარტო ეს საკმარისი არ არის. შევხედოთ ფულის მასას, რომელიც მილიარდით არის გაზრდილი. რასაკვირველია ამას დიდი ზეგავლენა აქვს. აქ კი მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალეულობაც არ არის. დგება მთავრობის ეკონომიკური გუნდის ბრალეულობა. როდესაც დაანონსდა სოციალური პაკეტები, ვამბობდი, რომ ამას შეიძლება კურსზე ზეგავლენა მოეხდინა იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვნად ზრდიდა ეს ფულის მასას. სხვათა შორის, ერთი კვირის წინ ეროვნულმა ბანკმა განმარტა, რომ ფულის ზრდის მიზეზი იყო ის სოციალური პაკეტები, რომელიც ხელისუფლებამ აამუშავა. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია ლარი რომ დასტაბილურებული იყოს,“ - აცხადებს ბაირახტარი.