დევი ხეჩინაშვილი: ჯანდაცვის მინისტრის წუხილი სწორია
“ვფიქრობ, ჯანდაცვის მინისტრის წუხილი, რომ სადაზღვევო ინდუსტრია უფრო ინტენსიურად უნდა იყოს წარმოდგენილი და გადახდისუნარიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, სწორია,“ - ასე ეხმაურება სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას.
მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სადაზღვევოების მხრიდან თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვა არ ხდება და საბოლოო ჯამში სახელმწიფო ხდება მოპასუხე იმ გამოწვევების, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები დგანან.
როგორც ხეჩინაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვა და გადახდისუნარიანობის სისტემის კონტროლის დანერგვაზე მუშაობა ახლახანს დაიწყო.
მისი ინფორმაციით, ეს სისტემა 2-3 წელიწადში დაინერგება. ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ დაიხვეწება ზედამზედველობის კონტროლი, უწყებას პროცესში უცხოელი პარტნიოებიც ჰყავს ჩართული.
„მთავარი განწყობა, რაც დავინახე ისაა, რომ სადაზღვევო ინდუსტრიას იმაზე მეტი როლი უნდა ჰქონდეს სოციალურ მართვაში, ვიდრე დღეს აქვს. გადახდისუნარინობა უნდა იყოს მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი, მაგრამ მთავარია, ზედამხედველობითი ნაწილი. ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, საუბარია მეორე დონის გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის კონტროლზე.
დღეს საქართველოში სახელმწიფო პროგრამებში კერძო დაზღვევა თითქმის არ მონაწილეობს. ერთადერთი, სადაც სახელმწიფო ცდილობს გამოიყენოს, ჩართოს კერძო სექტორი, არის აგროდაზღვევა. ამ შემთხვევაშიც მოცვა 20 000 ფერმერია. მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ სადაზღვევო სექტორის ჩართულობა არის გარდაუვალი და მნიშვნელოვანი. მათ შორის, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა და ასე შემდეგ. როდესაც დაზღვევის სხვა ხაზები აქტიურად შემოვა და მასობრივად მოხმარებაში დაინერგება, შეიცვლება ზეწოლა ჯანმრთელობის დაზღვევაზე,“ - აღნიშნავს ხეჩინაშვილი.
მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში კერძო დაზღვევით დაახლოებით 660 000 ადამიანი სარგებლობს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საზოგადოება, სახელმწიფოსთან ერთად უნდა იყოს პასუხისმგებელი გარკვეულ რისკებზე.
“უნდა აღინიშნოს საკმაოდ მტკივნეული ფაქტორი - საქართველოში ჩვენ გვაქვს 19 სადაზღვევო, რომლის ეფექტიანობა სარისკოა მათთვის, ვინაიდან მათი მხრიდან დაზღვეულია მხლოდ 400 000-მდე მოქალაქე, ეს ვერცერთი კომპანიისთვის წარმატების საფუძველი ვერ იქნება. უცხოეთში მინიმალური დაზღვეულის მოცულობა მცირე ქვეყნებშიც კი, არის 500 000 ადამიანი ერთ სადაზღვევოზე. აქ უკვე თავს იჩენს სადაზღვეოების არა ჯანმრთელი კონკურენცია და შესაბამისად ეს ყველაფერი უკვე აისახება ჩვენს მოქალაქეებზე, ვინაიდან ხდება სადაზღვეოების მხრიდან თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვა და საბოლოო ჯამში სახელმწიფო ხდება მოპასუხე იმ გამოწვევების, რომელის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები დგანან".