ფინანსები
11/05/2021

დავით გონდაური: ბიტკოინისგან განსხვავებით, ციფრული ლარი სებ-ის მიერ რეგულირებული იქნება

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორი დავით გონდაური  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ციფრული ლარის გამოშვებაზე „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და განმარტავს, რომ ვალუტის გაციფრულება საკმაოდ ფართო ცნებაა.

მისივე თქმით, უნაღდო დისტანციური საშუალებების გამოყენებით გადახდები უკვე ლარის გაციფრულებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, სადაც წამყვან როლს ინტერნეტ-ბანკი, მობილური ბანკინგი და საბარათე გადახდები თამაშობენ და გადახდების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე სრულად ციფრულ სამყაროში ხორციელდება.

დავით გონდაური ამბობს, რომ ეროვნული ბანკის დაინტერესება ციფრული ვალუტის გამოშვების პროცესში სწრაფად გადადის თეორიული კვლევებიდან არსებით განხილვაში, თუ როგორ უნდა მოხდეს პარამეტრების დანერგვა და ტესტირება. ჯერჯერობით არცერთი ქვეყანა არ მიუახლოვდა ეროვნული ციფრული ვალუტის სრულმასშტაბიანი გამოშვების ეტაპს.

CBDC არჩეული სტრუქტურის მიხედვით, გადახდის სისტემა შეიძლება იყოს:

  • პირდაპირი, ცენტრალური ბანკის კონტროლის ქვეშ, რომელიც ციფრულ ფულს ანაწილებს შუამავლების გარეშე, ემსახურება საცალო გადახდებს და ასევე აწარმოებს ყველა ოპერაციის რეესტრს. ამ ვერსიით, ცენტრალური ბანკი იღებს დამატებით, არატიპიურ ფუნქციებს, ფაქტობრივად, ხდება კვაზი კომერციული ბანკი.
  • "ჰიბრიდული" ან "შუამავლობით", რომელშიც საცალო გადასახადები ხორციელდება შუამავალი ბანკების მიერ, მაგრამ ცენტრალური ბანკი აწარმოებს გარიგებების რეესტრს, რომელიც ასევე მართავს სარეზერვო ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომლის საშუალებითაც ხდება გადახდის სისტემის აღდგენა შუამავლის გაუმართაობის შემთხვევაში . ამ ვარიანტში, CBDC– ის განაწილება შეიძლება განხორციელდეს როგორც ცენტრალური ბანკის მიერ (უშუალოდ მომხმარებელთა საფულეზე, რომლებიც გახსნილია ცენტრალურ ბანკში), ასევე შუამავალი ბანკების მიერ (ამ შემთხვევაში, მხოლოდ ბანკები ხსნიან ანგარიშებს ცენტრალურ ბანკში).
  • "არაპირდაპირი", რომელსაც მთლიანად მართავენ შუამავლები. ამ დროისთვის არც ერთი ცენტრალური ბანკი არ განიხილავს ასეთ ვარიანტს.

როგორც გონდაური აცხადებს, დანიის, ნორვეგიის, ისლანდიის, ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკები განიხილავენ გადახდის სისტემის "პირდაპირ" მოდელს; ჩინეთის ცენტრალური ბანკები, კანადა, შვედეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი - "ჰიბრიდული" ან "შუამავლობით". მაგალითად, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, შვედეთისა და ბრაზილიის ეროვნული ბანკები იკვლევენ DLT-ის გამოყენებას, ჩინეთი და კანადა განიხილავს გამოყენების შემთხვევებს როგორც DLT, ასევე ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზისთვის.

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი იმ სარგებელზეც საუბრობს, რომელიც ციფრულ ვალუტას მოაქვს.

  • ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ისარგებლებს იგივე ტექნოლოგიებით, რაც კერძო კრიპტოვალუტა. ამრიგად, ციფრული ფულის საშუალებით შესაძლებელი გახდება დაუყოვნებლივი გადახდების განხორციელება, უფრო სწრაფი ანგარიშსწორება და გარიგების დაბალი ხარჯები, განსაკუთრებით საერთაშორისო გადასახადების მიმართულებით.
  • ციფრულ ვალუტას ასევე შეუძლია გახდეს ფინანსური სერვისების ფართო გავრცობის საშუალება. მაგრამ, კერძო კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, მთავრობის ციფრული ფული იქნება ცენტრალიზებული, ამიტომ ციფრული ვალუტის თითოეულ ერთეულს ექნება იგივე მნიშვნელობა (1:1) ქაღალდის ფულთან მიმართებაში.
  • არ არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ იქნება გამოყენებული ციფრული ვალუტა. ციფრული ფული შეიძლება გაიცეს მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტებზე, ან ხელმისაწვდომი გახდეს ფართო საზოგადოებისათვის.
  • ასევე, სახელმწიფო ციფრული ვალუტის გაცემის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული მეთოდია "ორსაფეხურიანი" სისტემა, რომელშიც ცენტრალური ბანკი გასცემს სიმბოლოებს, რომლებიც შემდგომ გადადის კომერციულ ბანკებში განაწილების მიზნით. თითოეული ტრანზაქცია ჩაიწერება ცენტრალური ბანკის ციფრულ წიგნში, მაგრამ თანხას კომერციული ბანკი ფლობს თითოეული მომხმარებლისთვის ციფრულ საფულეში. ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა

მისი განცხადებით, CBDC-ი (Central Bank Digital Currency) შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს ფინანსური ეკოსისტემისთვის და საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს კერძო ინოვაციების და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნაზე.

როგორც გუნდაური აცხადებს, მოქალაქეებს ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ან ოპერაციის შესრულება ვირტუალური ლარით, იგივე კრიპტოვალუტით შეეძლებათ, თუმცა, ბიტკოინისგან განსხვავებით, ციფრული ლარი ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებული იქნება, მისი ფლობისთვის კი ბანკში ანგარიშის გახსნა აუცილებელი არ არის. ვირტუალური ლარისთვის სპეციალური ელექტრონული პლატფორმა იარსებებს.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკის გაციფრულება და გადახდის მექანიზმების გაუმჯობესებაა. ციფრულმა ლარმა, ასევე შესაძლოა ეკონომიკის ბევრი სექტორისთვის ფასებიც დაასტაბილუროს.

CBDC-ს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC-ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს.

გონდაური ხსნის, რომ ამჟამად, ციფრულ ლართან მიმართებით რამდენიმე მცდარი წარმოდგენა არსებობს. პირველი მათგანი უკავშირდება ადამიანთა მოლოდინს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გააუქმებს ნაღდ ფულს, ხოლო შემდეგ ციფრულ ვალუტას დაბალ საპროცენტო განაკვეთს დაუწესებს, რაც მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ ეფექტიან გზად მიიჩნევა. მეორე მცდარი წარმოდგენის მიხედვით, ციფრული ლარი სრულიად ჩაანაცვლებს საბანკო მომსახურებისა და შუამავლობის საჭიროებას. და მესამე – ციფრული ლარი არ იქნება დამყარებული viable (სიცოცხლისუნარიან) ბიზნესმოდელზე.

"იდეის მთავარი არსი არის ის, რომ ციფრული ლარი იქნება გადახდის საშუალება, რომელიც არათუ შეცვლის ნაღდ ფულს, არამედ შეავსებს მას. ნაღდი ფულის გაუქმების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. მეტიც, ბანკნოტები, სამართლებრივ ატრიბუტიკად ითვლება. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება მცდარი წარმოდგენა საპროცენტო განაკვეთის შესახებაც. ციფრული ლარის დანერგვა არ გააუარესებს მოქალაქეთა ცხოვრების დონეს. ციფრული ფულის რეალური მიზანი მოქალაქეებისათვის გადახდის საშუალების ყველაზე მოსახერხებელი გზა ეროვნული ბანკის გამოყენების შესაძლებლობა იქნება. აქედან გამომდინარე, ამ ინოვაციას არაფერი აქვს საერთო მონეტარულ პოლიტიკასთან,“ - აცხადებს გუნდაური.

მისი განცხადებით, ამავდროულად, ყურადღება იმ რისკებზე უნდა გამახვილდეს, რომლებიც შესაძლოა, ციფრული ლარის ინოვაციის ჩავარდნამ გამოიწვიოს. ეროვნულმა ბანკმა თავიდან უნდა აირიდოს სიტუაცია, რომლის დროსაც შიდა გადახდებს დომინირებას გაუწევენ სხვა პროვაიდერები. მათ შორის უცხოური ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც მომავალში ხელოვნურ ვალუტას შემოგვთავაზებენ. ეს სცენარი კი საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს საფინანსო სისტემას, არამედ კონკრეტული ინდივიდები და მოვაჭრეები აღმოჩნდებიან დაუცველნი იმ მცირე რაოდენობის დომინანტი პროვაიდერების წინაშე, რომელთაც ძლიერი საბაზრო ძალა აქვთ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას გეგმავს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვება ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზანად.

CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.