"ჩვენი პროგნოზია, რომ რეფინანსირების განაკვეთი 2024 წლის ბოლოს 8%-მდე შემცირდება"
„ჩვენი პროგნოზია, რომ 2024 წლის ბოლოს 8%-ამდე შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი“, - ამის შესახებ „რუსთავის 2“-ის ბიზნესგადაცემის ეთერში GALT & TAGGART-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. მან ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საკითხზე ისაუბრა და განაცახადა, რომ ეს დადებით გავლენას იქონიებს ქვეყანაში ინფლაციის შემცირებაზე.
„ინფლაციის მიმართ პროგნოზები არის ოპტიმისტური. წლის ბოლომდე ის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება და ასევე, საშუალო წლიური ინფლაციაც მიზნობრივზე დაბალი იქნება. ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და მოსალოდნელია, რომ კიდევ დაახლოებით 0,5%-ით შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი - 9.5%-ამდე. ხოლო 2024 წლისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მცირედით იქნება მიზნობრივზე მაღალი, ეს მაინც არ შეუშლის ხელს, რომ ეროვნულმა ბანკმა, გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება. ჩვენი პროგნოზია, რომ 2024 წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 8%-ამდე შემცირდეს“, - აღნიშნა ქავთარაძემ.
მან გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ თუ წამყვან ეკონომიკებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები შემცირდება, ეს გავლენას საქართველოზეც იქონიებს.
„როდესაც გლობალურად იქნება შემცირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს შემდგომ გადმოეცემა იმ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომელიც უცხოურ წყაროზეა დაყრდნობილი. შედეგად, ეს გავლენას იქონიებს საქართველოში, მაგალითად უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთებზე. თუმცა, მანამდე ჩვენ არ უნდა ველოდოთ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას უცხოურ ვალუტის სესხებზე, სამაგიეროდ უნდა ველოდოთ ეროვნულ ვალუტაში . ეს კი სტიმულს უჩენს მსესხებელს, რომ ლარში აიღოს დაკრედიტება. ლარში დაკრედიტების აღება ნიშნავს იმას, რომ სესხების დოლარიზაციის მაჩვენებლები შემცირდება“, - განმარტა GALT & TAGGART-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.