BGEO GROUP Limited-მა რომან ფიფიას სასამართლო დავა მოუგო
რომან ფიფიასა და “საქართველოს ბანკის ჯგუფს” "რუსთავის აზოტთან" დაკავშირებული სასამართლო დავა BGEO Group Limited-ის სასარგებლოდ დასრულდა, - გადაწყვეტილება ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლომ უკვე გამოიტანა.
როგორც "საქართველოს ბანკის ჯგუფის" განცხადებაშია მითითებული მოსარჩელე რომან ფიფია ზიანის ანაზღაურებისთვის მოპასუხე მხარისგან, BGEO Group Limited–გან $286 499 892,00 ითხოვდა.
"ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოს მიერ სარჩელის უარყოფა გულისხმობს "რუსთავის აზოტის" აქტივებზე აღსრულებასთან დაკავშირებით სს საქართველოს ბანკისა და მისი ჯგუფის წევრი კომპანიების წინააღმდეგ წარსულში არსებული ყველა სასამართლო პროცესის დასრულებას", - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე მითითებულია, რომ East West United Bank S.A, Agrochim S.A. და Sistema Holding Limited-ის დაწყებული კიდევ ერთი დავა "საქართველოს ბანკის", BGEO ჯგუფის და სხვათა წინააღმდეგ, რომლის ფარგლებში ზიანის ანაზღაურებისთვის მოთხოვილი იყო $93.6 მლნ მოპასუხეთა სასარგებლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 29 დეკემბერს დასრულდა - სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის განაჩენი და განმცხადებლების სარჩელები სრულად გააუქმა.