ფინანსები
28/09/2020

ბექა ლილუაშვილი: საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებული რისკი ფაქტობრივად ნულოვანია

„საპენსიო აქტივების საკითხში კითხვის ნიშნები რომ 90-იანი წლების ცუდი გამოცდილება გამეორდება, არის აბსურდი. ეს წლები ამ ქვეყანაში დასრულდა. ქვეყანაში საკუთრების უფლება დაცულია და ეს არის ცალსახა,“ - განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველმა.

ბექა ლილუაშვილის განმარტებით, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი და მასში მოცემული ძირითადი საკითხები რეგულირდება კანონით და მეორე მხრივ ეროვნული ბანკის მიერ. ამასთან, მასში გაწერილი ყველა ლიმიტი, რომლითაც ხდება ინვესტიციების განხორციელება, წარმოადგენს დაბალრისკიან საინვესტიციო გადაწყვეტილების განმსაზღვრელ შეზღუდვას. რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო სისტემის მონაწილეები გრძევადიან პერიოდში მიიღებენ სარგებელს და ფაქტიურად რისკი შემოსავლების ნაწილში არის მინიმალური, ნოლთან ახლოს.

„საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებული რისკი ფაქტობრივად ნულოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანონით განსაზღვრულია, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ეს აქტივები უნდა განთავსდეს მხოლოდ ისეთ ინსტრუმენტებში, რომლებსაც აქვს თითქმის ნულოვანი რისკი. ამ მოცემულობით ბუნებრივია საპენსიო აქტივების დაცულობა არის ძალიან მაღალი და მეტიც, შემოსავლები იქნება იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ეს მოხდებოდა მხოლოდ შენატანების განხორციელებით. თქვენს მიერ დაზოგილ თანხებს უკვე ერიცხება სარგებელი. ეს დღეს უკვე არის ფაქტი და სარგებლის სახით მიღებული თანხა უკვე დაახლოებით ასი მილიონი ლარია,“-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე განმარტებით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დღეს დამტკიცდა, განსაზღვრავს მიზნობრივ პორტფელებს და ეს მიზნობრივი პორტფელი, სადაც მოხდება თანხების განთავსება არის: საბანკო დეპოზიტები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ გამოშვებული ისეთი ფასიანი ქაღალდები, რომელსაც აქვს მაღალი საინვესტიციო რეიტინგი.

Businesspartner