ბაზარზე ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს - რატომ ხარჯავს მარეგულირებელი რეზერვებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკაში სიტუაცია დადებითია, ზრდა მაღალია და ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია. საკრედიტო აქტივობაც არის ზომიერი, რაც ეროვნულ ბანკს აძლევს შესაძლებლობას, რომ სესხზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.
„რაიმე ფუნდამენტური პრობლემა ბაზარს არ აქვს. სავალუტო შემოდინებები მდგრად დონეზეა, ჩვენ მთლიანობაში ვაკეთებთ სავალუტო რეზერვების შესყიდვას, აგვისტოს ჩათვლით მილიარდ ნახევარი დოლარის სავალუტო რეზერვი შევიძინეთ, ხოლო საპირისპირო ინტერვენცია ათჯერ ნაკლებია. ინტერვენციები, დოლარის გაყიდვა ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა ვხედავთ ერთჯერად მოკლევადიანი ფაქტორის გავლენის რისკს ან გავლენას ამ ბაზარზე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შედარებით დიდი მერყეობა. კურსის მერყეობის გასანეიტრალებლად კეთდება ეს.
ჩვენ ერთგულები ვართ მცურავი სავალუტო რეჟიმის მიმართ. ერთჯერადი ფაქტორი ამ შემთხვევაში იყო პოლიტიკური მოწოდებები სხვადასხვა მხრიდან, პანიკის შემცველი მოწოდებები, რომმ თითქოს ჩამოიქცა ეროვნული ბანკი და ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავანეიტრალოთ ასეთი ცრუ და მავნებლური მოწოდებების ეფექტი საფინანსო ბაზარზე.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დამატებით მოთხოვნას დაუწესა რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რაც გულისხმობს იმას რომ 2024 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში.