ფოტო: GettyImage
ფინანსები
08/05/2023

ბაზარს სამომხმარებლო სესხების ვადის "დაგრძელების" აღარ სჯერა

ინფლაციაზე, მოთხოვნის მხრიდან მაღალი წნეხის შენარჩუნების პირობებში, სამოხმარებლო სესხების დაგრძელვადიანების ალბათობას, საბანკო სექტორი სულ უფრო ნაკლებად ხედავს.

ამასთან მარეგულირებელი რეფინანსირების განაკვეთის (11%) შემცირების გაზრდილ ალბათობას ადასტურებს, მაგრამ არ ჩქარობს. დეფლაციური რყევების საფრთხეებზე კი ბაზრის შიშებს არ იზიარებს.

სებ-ი მათ პროგნოზებსაც უსმენს, თუმცა შეაფასებს ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ. როცა დაასკვნის რომ ინფლაციის კლება შეუქცევადია და შემოტრიალების რისკები არ რჩება.

საინვესტიციო ბანკირებმა მოლოდინებზე "ბიზნესპარტნიორში" ისაუბრეს. G&T -ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე არ გამორიცხავს, მაისში ინფლაცია 2%-ს ჩამოცდეს, რასაც საგარეო ტრიგერებთან ერთად ქირის კომპონენტის განულება განაპირობებს, რადგან მაისში მიგრანტების ეფექტი ამოიწურება.

ქავთარაძე სებ-ს რეკომენდაციას აძლევს 10 მაისის მპკ-ზე, განაკვეთი, სულ მცირე 0,5%პ-ით მაინც დაწიოს.

TBC კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია წლის ბოლომდე ძირითადი განაკვეთის 9.5%-მდე შემცირებას ელის, სებ-ისგან პირველ კორექციას კი მპკ-ს მოახლოებულ სხდომაზე.

მისი თქმით, 10 მაისს მონეტარული პოლიტიკა თუ არა კომუნიკაციის ტონი მაინც შერბილდება, რაც პროცესს დააჩქარებს.