არჩილ ბაკურაძე: მიკრობანკებისთვის სავალუტო სესხების შეზღუდვა ჩვენს გეგმებს ხელს არ უშლის
"მიკრობანკების საქმიანობის" შესახებ კანონი დამტკიცების ბოლო ეტაპზეა.რჩება მესამე მოსმენა, რომელიც სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ტექნიკური ხასიათისაა.
„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მიკროსაფინანსოები კვლავ ელიან შესაძლებლობას, რომ სესხების გაცემის თვალსაზრისით, მაქსიმალურად მოქნილები გახდნენ.
„სავალუტო სესხებთან დაკავშირებით, კანონმდებლების პოზიცია იყო, რომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი მიკრობანკებისთვის სავალუტო სესხების გაცემის შესაძლებლობის მიცემა. ჩვენ ჩვენი პოზიცია გავაცანით მათ, მაგრამ აღარ გავაგრძელეთ ამაზე მსჯელობა.
ჯერ-ჯერობით მივყვებით ჩვენს გეგმას, მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგაც, კვლავ ლარში არსებული სესხები იქნება ჩვენი ძირითადი პროდუქტი, რაც მარეგულირებელს გარკვეულ კომფორტს უქმნის და ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია. მართალია, ჩვენ ველით შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ ბაზარზე, მაგრამ ამ ეტაპზე მიკრობანკების შესახებ არსებული რედაქცია ნორმალურია და სავალუტო სესხების შეზღუდვა ჩვენს გეგმებს ხელს არ უშლის.“- აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.
მისივე თქმით, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შესაძლებლობა სექტორისთვის კარგი სიახლე იქნება. როგორც არჩილ ბაკურაძე განმარტავს, მიკრობანკები ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს მოემსახურებიან.
„ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ეს კანონპროექტი კანონად იქცევა. საკმაოდ კომპლექსური პროექტი იყო და კარგი სიახლე იქნება სექტორისთვის. ასე რომ, „კრისტალს“ ექნება შესაძლებლობა, რომ უკვე ამ ახალი ლიცენზიით მოემსახუროს თავის მრავალრიცხოვან მომხმარებელს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, "მიკორბანკების საქმიანობის" შესახებ კანონი მეტ რესურსს და შესაძლებლობას გააჩენს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ასე რომ, საკმაოდ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ლიცენზიის აღების მომენტს,"-განმარტა არჩილ ბაკურაძემ.
ცნობისთვის, მიკრობანკად გარდაქმნის მსურველ კომპანიებს თავდაპირველად ჰქონდათ მოლოდინი, რომ ისინი ბანკების მსგავსად, სავალუტო სესხების გაცემას შეძლებდნენ, მაგრამ კანონპროექტის ბოლო რედაქციის მიხედვით, კომპანიებს ამის უფლება არ ექნებათ.
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს თემა საბოლოოდ დახურული არ არის. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.