ფინანსები
03/05/2023

არარეზიდენტებმა მიმდინარე ანგარიშებიდან მარტში ₾2 მლრდ-ზე მეტი გაიტანეს

საფინანსო ბაზარს დიდი იმედი აქვს, რომ ლარის გამყარების ტრენდი სექტემბრამდე შენარჩუნდება, რასაც არარეზიდენტებთან ერთად რეზიდენტების ტრანზაქციებიც განაპირობებს. 

ადგილობრივ ვალუტაში დეპოზიტარების აქტივობები აღინიშნება, სავალუტოს საპირისპიროდ. სავალუტო მეანაბრეების გარკვეულმა ნაწილმა დეპოზიტი გაალარა. სებ-ის პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავს თქმით, ლარის გამყარების მოლოდინებმა უფრო მეტი დეპოზიტარი გადმოიყვანა ლარზე, რაც თავის მხრივ ლარის გამყარებას ასტიმულირებს.

კვირაზე მეტია აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ნიშნული 2.5-ს ჩამოცდა. ლარი გასული წლის გაზაფხულიდან მყარდება პიკური მაჩვენებელი $1/₾3.4 მარტის შუა რიცხვებში აღინიშნა და მას შემდეგ მცირედი რყევის შემდეგ (აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე) აღარ გაუფასურებულა. 

ბაზარი კიდევ ერთ საგაზაფხულო რყევას მაისში ელოდება, დივიდენდების გაცემის პერიოდში, რასაც ასევე მოკლევადიანი ეფექტი ექნება. 

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, არარეზიდენტების მიმდინარე ანგარიშებზე 2 მლრდ ლარამდეა, რომლის 88% უცხოურ გალუტაშია.

ბანკების არარეზიდენტმა კლიენტებმა მარტში, სულ, 2.1 მლრდ ლარის ადგილობრივი და უცხოური ვალუტა გაიტანეს. მ.შ. 500 მლნ-მდე ლარი.

რაც ფინანსისტების განმარტებით, არ გულისხმობს აღნიშნული მოცულობით თანხის მიმოქცევაში გაშვებას. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა მიმდინარე ანგარიშებიდან აშშ დოლარში, ფუნტში თუ  სხვა ვალუტაში დენომინირებული თანხის ნაწილი შესაძლოა გაანაღდეს. ნაწილი ვადიან საანაბრე ანგარიშზე ან სხვა ინსტრუმენტში გადაიტანეს.