ფინანსები
21/05/2021

ახლადემიტირებული ქართული ბონდები დაბალ განაკვეთს ინარჩუნებს

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციები (GEORG), ლონდონის ბირჟაზე, გასულ კვირას, საშუალოდ 2.6% სარგებლით ივაჭრებოდა.

G&T-ის მიმოხილვით, GEORG-ის კვირის დახურვის ფასია 100.77 (-0.06%w.w). წინა საანგარიშო კვირას 0,2%(w.w) ზრდა აღინიშნა, თუმცა, G&T-ის ანალიტიკოსების განმარტებით, ბონდების პოზიციონირების შესაფასებლად ფასს კი არა, შემოსავლიანობას უნდა ვუყუროთ. ინდიკატორი რეგიონის ბონდებთან ქართულის უპირატესობაზე მიანიშნებს.

საინვესტიციო ბანკი, თითქმის ერთდროულად განთავსებულ სომხურ ბონდთან შედარებით, ქართულის უკეთეს მდგომარეობაზე აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ სომხეთმა უფრო გრძელი ფული იშოვა (2029 წელს ფარავს და 4,3-4.4%-ად ივაჭრება). ყველაზე კარგ მაჩვენებელს 2028 წელს ჩასახური რუსული ობლიგაცია აჩვენებს, 2%-ად ივაჭრება. 

შეგახსენებთ, რომ 2.75% კუპონით ახლადგანთავსებული ქართული 5 წლიანი სუვერენული ბონდებით, 10 წლიანი გადაიფარა. საინვესტიციო ბანკირების შეფასებით, 5-წლიანი უფრო გრძელვადიანს იმიტომ ჯობდა, რომ მსხვილი ფონდები შეინარჩუნეს. გრძელვადიანი კი მათი დაკარგვის რისკს ქმნიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ახალი 500 მლნ დოლარის ევრობონდები აპრილში გამოუშვა, კუპონის განაკვეთი 2,75%-ია. 

ინფორმაციისთვის,  2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 10 წლიანი დაფარვის ვადით $500 მლნ-ის ევროობლიგაცია განათავსა. ევრობონდები ბიუჯეტიდან გასულ კვირას დაიფარა. 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6.875%-ს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა არაერთგზის განაცხადა, ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს.