ფინანსები
04/11/2020

“აფეთქდა სადაზღვევო კომპანიების კონტაქტები“ -ინდუსტრია ეპიდემიის მართვაში ჩაერთო

ეპიდემიის მართვაში სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ჩაერთნენ. სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პროცესი სამუშაო ვითარებაში ინდუსტრიამ სახელმწიფოსთან ერთად გაიარა.

„დაინსტალირებულია 112-ის პროგრამაც, მთავრობამაც დახვეწა ერთიანი სისტემა, აქტიურად აამოქმედა ცენტრალური ონლაინ კლინიკა. სისტემა ამ კუთხით დაიხვეწა.  პირს, რომელსაც კორონავირუსზე ეჭვი აქვს,  112-ში ყველა ვარიანტში უნდა დარეკოს და დარეგისტრირდეს, რომ მოხდეს  მისი საერთო სისტემაში ჩასმა. ამის შემდეგ ხდება გადამისამართდება უკვე სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებთან. ბევრი რეკავს პირდაპირ სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმთან, თუმცა მათი  თხოვნაცაა, რომ 112-ში  მოხდეს რეგისტრაცია. ონლაინ კლინიკიდან იმართება საერთო სისტემა და პროცესი,“ - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისი განცხადებით, დატვირთვა ძალიან დიდია, თუმცა სისტემა და ინდუსტრია ამას უმკლავდება.

ხეჩინაშვილის ინფორმაციით, არის გარკვეული საკითხები, რომელიც დასახვეწია. გარდა ამისა, ხშირად  ბენეფიციარს აქვს იმის მოლოდინი, რომ პროცესს ის ოჯახის ექიმი მართავს, რომელიც აქამდე ჰყავდა. ეს კი გარანტირებული არ არის, რადგან პროცესში ჩართულია სადაზღვევო კომპანიის რამდენიმე ოჯახის ექიმი და არა ყველა.  

„საკმაოდ ბევრი ზარი შედის, აფეთქდა სადაზღვევო კომპანიების კონტაქტები. გარდა ამისა, კიდევ ერთი დეტალი, როდესაც კოვიდი კლინიკურ რესურსს ჭამს, შესაძლოა სამედიცინო სისტემაში დაგვიანდეს  სხვა სერვისების მიწოდების საშუალება. ამ დროს რთულდება ჰოსპიტალიზაცია, რადგან რესურსი მაქსიმალურად პანდემიის მართვაზეა გადართული“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს დაანონსდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია რომ  COVID-19-ის მართვაში ერთვება. ეპიდემიის მართვაში  სადაზღვევო კომპანიების, ჯამში 50-60 ოჯახის ექიმია ჩართული.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ მუშაობაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოზეც იმსჯელეს, სადაც აღინიშნა,  რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად მუშაობს საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებაზე. ამასთან, საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის უწყებას დაევალა, გააძლიეროს სამედიცინო კომპონენტი კოვიდ-სასტუმროებში, სადაც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობენ.

ამასთან, მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობას განაგრძობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.