ფინანსები
08/09/2021

2022 წლიდან აგროდაზღვევის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება

2022 წლიდან სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ აგროდაზღვევის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი.

„ბიზნესპარტნიორთან" სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, მთავრობაში უკვე მიმდინარეობს  დოკუმენტზე მუშაობა, პროცესში ჩართულია სადაზღვევო ასოციაციაც.

„პროცესი ადვილი არ არის, თუმცა, მსვლელობა მიცემული აქვს. გარკვეული საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შევათანხმეთ, მათი ნაწილი უკვე მთავრობაზე გავა და პროცესში ფინანსთა სამინისტროც ჩაერთვება. იმედი მაქვს, წლის ბოლომდე ყველა ინსტანციის დონეზე შეთანხმებული იქნება და ამის შედეგად, ჩვენ გაცილებით უფრო საინტერესო  და მომავალი წლისთვის ფერმერების სტრუქტურაზე უფრო მორგებული პროდუქტები გვექნება,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისი განცხადებით, აგროდაზღვევაში გაჩნდება ორი მიმართულება. პირველი, რომელიც უშუალოდ ბიზნესფერმერებზე იქნება ორიენტირებული, ამ შემთხვევაში დასაზღვევი მიწის ნაკვეთზე შეზღუდვა აღარ იქნება და მეორე - "თვითგამოკვებაზე" ორიენტიებული, სოციალურად სუსტი გლეხობისთვის.

„ყველა ვარიანტში ინფორმაციული გაუმჯობესება ნამდვილად საჭიროა. მით უმეტეს აგროდაზღვევაში ტრადიცია არ არსებობს. ამ ფერმერებს არასოდეს ჰქონიათ დაზღვევასთან შეხება, დაზღვრვა არც მათ მამას ჰქონია და არც ბაბუას. საინფორმაციო ნაწილი უმჯობესდება,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქავთარაძის ინფორმაციით, კახეთში აგროდაზღვევით 5000 ფერმერი სარგებლობს, ჯამში რეგიონში 11 000 ჰექტარია დაზღვეული. როგორც  ქავთარაძე აცხადებს, დღევანდელი მდგომარეობით, სულ გაცემულია 18 399 პოლისი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 16 529 პოლისი იყო გაყიდული.

რაც შეეხება აგროდაზღვევას, პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამასახორციელება სოფლის განვითარების სააგენტო. ის აფორმებს ხელშეკრულებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან, ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ 8 სადაზღვევო კომპანიაში: "ალდაგი", "პრაიმი", "ევროინს ჯორჯია", "არდი", "ალფა", "თიბისი დაზღვევა", "ნიუ ვიჟენ დაზღვევა", "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი".

პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე დამზღვევი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს, ვაზზე კი 50%-ს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს).